ირაკლი კობახიძე - საუბარი იყო, რომ 20 ივნისის საქმის გარშემო მიღებული იქნებოდა ამნისტიის კანონი, რომელიც მოიცავდა მელიას საქმესაც, თუმცა ჩვენ არ განვიხილავთ შეთანხმების გარეშე ამ პუნქტის განხორციელებას
ირაკლი კობახიძე - საუბარი იყო, რომ 20 ივნისის საქმის გარშემო მიღებული იქნებოდა ამნისტიის კანონი, რომელიც მოიცავდა მელიას საქმესაც, თუმცა ჩვენ არ განვიხილავთ შეთანხმების გარეშე ამ პუნქტის განხორციელებას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაგიდის გარშემო ოპოზიციის მხრიდან მელიას და რურუას საკითხი დაისვა.

კობახიძის განმარტებით, ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა პოზიცია, რაც შემდეგ აისახა შეთანხმების ტექსტში.

„კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ 20 ივნისის საქმის გარშემო მიღებული იქნებოდა ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც მათ შორის მოიცავდა მელიას საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ მელია იჭრებოდა ჯერ პარლამენტში, შემდეგ ცესკო-ში, ელექტრონული სამაჯური გადააგდო, იქ გირაო არ გადაიხადა და ა.შ. შემდეგ დაკავებისას უწევდა პოლიციას წინააღმდეგობას, ჩვენ სახეზე გვქონდა უხეში კანონდარღვევის ხუთი სხვადასხვა შემთხვევა ამ მცირე დროის მოკლე მონაკვეთის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, ვთქვით, მზად ვართ, განვიხილოთ ამნისტიის შესახებ კანონის მიღება და ჩვენი ინიციატივის საფუძველზე აისახა საბოლოო ჯამში დანიელსონის დოკუმენტში“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ შეთანხმების გარეშე ამ პუნქტის განხორციელებას ხელისუფლება არ განიხილავს. 

„რაც შეეხება შეთანხმების გარეშე ამ პუნქტის განხორციელებას, ბუნებრივია, ამას ჩვენ არ განვიხილავთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყავით და ვიქნებით მზად, ეს პუნქტი განვახორციელოთ, თუ იქნება ხელმოწერილი შეთანხმება ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამომდინარე იქედან, რომ მელიას არ ეკუთვნის არანაირი შეღავათი.

თუ აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ შეთანხებაზე, ამ შემთხვევაში პოლიტკოსს არათუ შეღავათი არ ეკუთვნის თანასწორობის პრინციპის კუთხით, პირიქით, უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე რიგით მოქალაქეს. თუ პოლიტიკურ შეთანხმებაზე არ არის საუბარი, რატომ უნდა იქნას გაწეული შეღავათი მელიას მიმართ და რატომ არ უნდა გავუწიოთ იგივე შეღავათი სხვა მოქალაქეს, რომელმაც მაგალითად, ან გირაო არ გადაიხადა ან კანონმორჩილად ატარებს ელექტრონულ სამაჯურს. მარტივად არის საქმე, თუ არის პოლიტიკური შეთანხმება იმისთვის, რომ პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს და პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ეს ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ თუ არ არის შეთანხმება, ასეთი უთანასწორო ნაბიჯი არათუ შეამცირებს პოლარიზაციას, პირიქით, მეტად გააღრმავებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს ოპოზიციის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც ერთგვარი გამარჯვება, არა როგორც პოლიტიკური შეეთანხმების საფუძველზე მინიჭებული შეღავათი, არამედ როგორც გამარჯვება სახელმწიფოზე, რაც არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.