ირაკლი კობახიძე - სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი შტოა და ჩვენმა ოპონენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა ჩაერიო მის საქმიანობაში
ირაკლი კობახიძე - სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი შტოა და ჩვენმა ოპონენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა ჩაერიო მის საქმიანობაში

სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი შტოა და ჩვენმა ოპონენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა ჩაერიო მის საქმიანობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეთა კონფერენციაში ჩარევა ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევა იქნებოდა.

„სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი შტოა და ჩვენმა ოპონენტებმაც უნდა იცოდნენ ის, რაც მათ არ იცოდნენ 2012 წლამდე, რომ არ უნდა ჩაერიო დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. დღეს ისინი მოგვიწოდებენ  გავაკეთოთ ის, რასაც თავად 2012 წლამდე აკეთებდნენ. ეს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა. ჩვენ ამის არც ბერკეტი გვაქვს და არც სურვილი. ჩვენ, რომ ჩავრეულიყავით კონფერენციის მუშაობაში, ეს იქნებოდა უხეში ჩარევა პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უგულებელყოფა.

ელჩების განცხადება მიმართული იყო პარლამენტის მიერ მისაღები გადაწყვეტილებებისკენ. ეს ცალკე თემაა და მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე თემა იყო. ჩვენი პოზიცია გამოხატული იყო მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, სადაც ერთი რამ მარტივად ითქვა, ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. არც ერთ პუნქტში კონსტიტუცია, კანონმდებლობა და მიშელის დოკუმენტი არ დაირღვევა. რაც შეეხება მიშელის დოკუმენტს, იქ ზედმიწევნით არის ასახული, თუ რა ევალება მათ შორის მმართველ პარტიას. იქ არსად არ არის საუბარი რაიმეს გადადებაზე. საუბარია იმაზე, რომ რეფორმაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა და დამატებითი პაკეტი უნდა იყოს მიღებული 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. ბუნებრივია, ერთი წლით ვერავინ შეაჩერებს ვერც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას“, – განაცხადა კობახიძემ.