ირაკლი კობახიძე - საქმის ფიგურანტმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება შემოტანილ იქნა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით, რაც სამწუხაროა, უკრაინის ხელისუფლებასთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
ირაკლი კობახიძე - საქმის ფიგურანტმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება შემოტანილ იქნა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით, რაც სამწუხაროა, უკრაინის ხელისუფლებასთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

საქმის კონკრეტულმა ფიგურანტმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში შემოტანილი იქნა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან შემოტანის საქმეს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან დასანანი.

„ზოგადად, ასეთი უხეში დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არის ძალიან დასანანი, თუმცა ეს რა მოსატანია, როდესაც ჩვენ ვისმენდით უკრაინელი მაღალჩინოსნების პირდაპირ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურდათ საქართველოში ეხილათ მეორე ფრონტი. ეს დამოკიდებულება არის დასანანი. ჩვენ ვრჩებით უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანაშია შექმნილი“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც 11 სექტემბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.

სუს-ის ინფორმაციით, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.