ირაკლი კობახიძე - საქმე გვაქვს პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, სისხლისღვრის ჩათვლით, მათ შეიძლება, ადამიანების სიცოცხლე დააყენონ რისკის ქვეშ
ირაკლი კობახიძე - საქმე გვაქვს პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, სისხლისღვრის ჩათვლით, მათ შეიძლება, ადამიანების სიცოცხლე დააყენონ რისკის ქვეშ

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები. რა თქმა უნდა, ამის საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მხარე. ორივე მხარე თანაბრად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, არამედ მიზანია, რომ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მისი გათავისუფლების გარკვეული შანსები შექმნან.

„რაც შეეხება უსაფრთხოებისა და პოლიტიკის ნაწილს, ცდილობენ, საზოგადოებაში რაღაც აღქმა შექმნან, რომ თითქოს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით რაღაც სპექტაკლი და უბედურება დასრულდება. ასეთი აღქმა გაჩნდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში, თუმცა მინდა გითხრათ, ამის მთავარი მიზეზი რა არის – მთავარი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან, ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. პოლიტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არის სერიოზული რისკები. ყველას კარგად გვესმის, რომ მათი მხრიდან სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და მიზანი კარგად ვხვდებით რაც არის, მიზანია ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების და ამისთვის ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელი. ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ყველაფრის მკადრებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, არსებობს უსაფრთხოების სერიოზული რისკები, რაც მხედველობაში უნდა უნდა იყოს მიღებული.

„ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ეს უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეზე, რაც შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ, თუნდაც, მალე, რაც ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება რისკებს, როცა საქმე გვაქვს ასეთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, ასეთ დროს არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ შეიძლება, ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგეს და ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ, რადგან ეს არის ამ პოლიტიკური ძალის ბუნება. გახსოვთ, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ამ პოლიტიკურმა ძალამ, როცა მისი რეჟიმი ცხრა წელი ბატონობდა. ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, მათ შეიძლება, ადამიანების სიცოცხლე დააყენონ რისკის ქვეშ. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. როცა შესაბამისი ორგანოები და უწყებები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ორივე მოსაზრება – სამედიცინო და უსაფრთხოება იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.