ირაკლი კობახიძე - საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020-2024 წლებში ეუთო/ოდირ-მაც დაადასტურა, რის გამოც რადიკალურმა ოპოზიციამ ეს ორგანიზაცია უხეშად გააკრიტიკა
საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020 და 2024 წლებში ეუთო/ოდირ-მაც მკაფიოდ დაადასტურა, რის გამოც ეს უკანასკნელი რადიკალურმა ოპოზიციამ უხეშად და შეურაცხმყოფელი ფორმით გააკრიტიკა. საარჩევნო კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიული არჩევნების პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მუშაობს და მომავალშიც აქტიურად იმუშავებს პრაქტიკაში გამოვლენილი საარჩევნო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, მათ შორის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, კანონი „გრანტების შესახებ“ და ე.წ. ფარა, რომელიც ამერიკული კანონის სიტყვასიტყვითი თარგმანია, სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებსა და დემოკრატიულ სტანდარტებთან. აღნიშნულმა კანონმდებლობამ სახელმწიფოს ხელი შეუწყო ქვეყნის დამშვიდებაში მას შემდეგ, რაც მას გარე დაფინანსებით ორგანიზებული რევოლუციის რამდენიმე ძალადობრივ მცდელობასთან გამკლავება მოუხდა. შესაბამისად, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედებას ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.