ირაკლი კობახიძე – საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ოპოზიციიდან, უნდა იღებდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურაში, მით უკეთესი
ჩვენთვის მთავარია, რომ აგენტურის შიგნით ძალიან ღრმავდება დაპირისპირება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შორის დაპირისპირების საკითხზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანდახან ყველაზე ალოგიკური ადამიანის ლოგიკაც კი ემთხვევა ჯანსაღ ლოგიკას.
„რაც შეეხება გრანტების ათვისებასთან დაკავშირებით მის ეპითეტს, ჩვენ ამაზე, ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ჩვენთვის მთავარია, რომ აგენტურის შიგნით ძალიან ღრმავდება დაპირისპირება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს. საქართველოში პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი. აქ საუბარია დაპირისპირებაზე ადამიანებს შორის, რომელთაც საერთოდ არავითარი სახალხო მანდატი არ აქვთ, თუმცა ისინი ჩვენ გამოგვიცხადეს საქართველოში პოლიტიკის შემქმნელებად. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ შექმნიან მომავალში ქართულ პოლიტიკას. რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი. დანარჩენი, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სრულიად სამარცხვინოდ, „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში, იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ“. სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ სიჩუმით არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი დიქტატურის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ფაქტი განცხადებით გააპროტესტა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“.