ირაკლი კობახიძე - საქართველოში მედიაგარემო პოლარიზებულია, რაც ხელს უწყობს აგრესიას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში
ირაკლი კობახიძე - საქართველოში მედიაგარემო პოლარიზებულია, რაც ხელს უწყობს აგრესიას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში

საქართველოში მედიაგარემო პოლარიზებულია, რაც ხელს უწყობს აგრესიას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო პერიოდში აგრესიის ინიციატორი იყო ოპოზიცია.

„2016 წლიდან მოყოლებული მაქსიმალურად ვცდილობთ, გავათავისუფლოთ საარჩევნო გარემო აგრესიისგან. 2016 წლის კამპანია პოზიტიურ მესიჯებზე იყო აგებული. ჩვენი სლოგანი იყო: „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და ამ პათოსით წარიმართა კამპანია. ამ პათოსით წარიმართა კამპანია 2017 წელსაც მაშინ, როდესაც ოპოზიცია მთლიანად იყო ორიენტირებული თავდასხმებზე, აგრესიაზე და ნეგატიურ კამპანიაზე. რეალურად, არანაირი აქცენტი არ კეთდებოდა პროგრამებზე. ასევე, იყო აშკარა ტყუილი დაპირებების პრობლემა. სამწუხაროდ, ამაზე ყურადღება არ იყო გამახვილებული.

მედიაგარემო საქართველოში არის პოლარიზებული და სამწუხაროდ, ეს გარემო ხელს უწყობს აგრესიას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში. რა შეიძლება გაკეთდეს, დღეს ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, ამ პრობლემაზე ბუნებრივია, ყურადღება არის გასამახვილებელი. ჩვენი ამოცანა არის არა იმდენად წარსულზე საუბარი, რამდენადაც იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უკეთესი. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში და უნდა იყოს მაქსიმალურად დაცლილი აგრესიისგან. ამაში თავისი წვლილი ბუნებრივია, კანონმდებლობამაც უნდა შეიტანოს. ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება, რომ მზად ვართ, ცვლილებები შევიტანოთ კანონმდებლობაში ეუთო-სთან, ოდირთან, ევროსაბჭოსთან და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით. მზად ვართ, ვიმუშაოთ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელიც საარჩევნო გარემოს ჩვენს ქვეყანაში გააუმჯობესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, ხშირად იყო საუბარი, თითქოს ხელისუფლებას სერიოზული მატერიალური უპირატესობა ჰქონდა, მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ამ არჩევნებში, არასწორი ფაქტები იყო ხშირად მოყვანილი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში.

„კერძოდ, აქცენტი კეთდებოდა შემოწირულობებზე და ერთმანეთთან იყო შედარებული შემოწირულობები. თუმცა, რეალობა არის სრულიად განსხვავებული. ჩვენ უნდა ავიღოთ შემოწირულობები და რეკლამის კომპენსაციის თანხები, ასევე თანხები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამკვირვებლებზე გამოიყოფა. თუ დავაჯამებთ ამ თანხებს, ვნახავთ, რომ ოპოზიციას ამ არჩევნებისთვის გაცილებით მეტი თანხა ჰქონდა განკუთვნილი, ვიდრე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ეს არის რეალობა, რომელიც სამწუხაროდ, არც ერთ დასკვნაში არ არის ასახული.

საარჩევნო სუბიექტებზე იყო 25 ათასი წუთი სარეკლამო დრო გამოყოფილი, როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული, ამ 25 ათასი წუთიდან სალომე ზურაბიშვილის და „მრეწველების“, რომლებიც ასევე მხარს უჭერდნენ მას, გამოყენებული იყო 2 400 წუთი. რეალურად, თუ ამის მონეტიზაციას მოვახდენთ, დაახლოებით 50 მილიონამდე იყო ამ ყველაფრის ღირებულება, შესაბამისად, ხუთი მილიონი იყო მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის და 45 მილიონი იყო ოპოზიციის. თანაც, ამ პირობებში ვხედავთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში საუბარია სალომე ზურაბიშვილის მატერიალურ უპირატესობაზე მაშინ, როდესაც რეალურად ათმაგი უპირატესობა ჰქონდა ოპოზიციას. აქ ვუბრუნდები ისევ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია ობიექტური დამკვირვებლების არარსებობა. საჭიროა, მომავალში ბევრი რამ გაკეთდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ობიექტური დაკვირვება და აისახოს ობიექტური და არა გაყალბებული მონაცემები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.