ირაკლი კობახიძე - საქართველოში განხორციელებული ყველა იმ პროვოკაციის ავტორი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია
ირაკლი კობახიძე - საქართველოში განხორციელებული ყველა იმ პროვოკაციის ავტორი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია

ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როდესაც ყალბი ადამიანი გვეუბნება ჩვენ, რომ ის არის ყველაზე მთავარი ანტირუსი საქართველოში, მისთვის მიუღებელია ყოველივე რუსული და ა.შ. და ამ დროს რუსულ ფულს იღებს და ეს მისთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეს სიყალბე, რა თქმა უნდა, აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვებს. მით უმეტეს, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მათივე ინფორმაციით, გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. „ქრონიკის“ ინფორმაციითვე, ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს.

მოგვიანებით, ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. „უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან“.