ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სერბეთს აკავშირებთ საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გვაქვს საერთო გამოწვევებიც, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება
სერბეთის პრეზიდენტთან საუბრისას ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც შევეხეთ. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ამ მიმართულებით გვაქვს საერთო გამოწვევებიც. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა საქართველოს მიმართ ავლენს.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი და გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-სერბეთის ურთიერთობების წინსვლაში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ. მადლობა მას ამისთვის. სერბ ხალხს, მინდა, ვუსურვო წინსვლა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.