ირაკლი კობახიძე – „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად ოჯახის წევრს გადაუფორმა უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა
„საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად საკუთარი ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიული ალასანიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის დედამ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ „სააკაშვილი ებრძოდა კორუფციას. ისევე როგორც არ ეგუება კორუფციას და უსამართლობას, ასევე მიაჩნია, რომ დემოკრატია არის ერთადერთი სწორი გზა. მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს“.
როგორც მთავრობის მეთაურმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სწორედ „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმის მსგავს კორუფციულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში.
„ის დედაა და შეიძლება, ასეთი განცხადებები აკეთოს, მაგრამ რაც ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ასახულია, მათ შორის, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში და საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის. მათ შორის, საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციის შესახებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად საკუთარი ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა. წარმოიდგინეთ, მე ჩემი ოჯახის წევრს რომ გადავუფორმო ერთ ლარად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება ამას. ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში, სისხლიანი ცხრა წლის განმავლობაში და ამაზე სხვა ფორმით საუბარი თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა“, — განაცხადა პრემიერმა.