ირაკლი კობახიძე - საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენი ხედვები კარგად არის ცნობილი და სწორედ ამ ფაქტორის წყალობით ვახერხებთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენი ხედვები კარგად არის ცნობილი და სწორედ ამ ფაქტორის წყალობით ვახერხებთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას

„პროგრესული ალიანსი“ არის მსოფლიოს მემარცხენე პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების უმსხვილესი გაერთიანება და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის ამ ორგანიზაციის, გამგეობის წევრი, რაც ჩვენთვის საამაყო და ძალიან საპასუხისმგებლო ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „რუმსში“, „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია პირველად იმართება.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, რომელიც იმართება პირველად ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ჩვენი პარტიის, ჩვენი ახალგაზრდა პარტიის -„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და ამავე დროს ეს კონფერენცია, მისი საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს ადგილსა და მნიშვნელობას დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს ჩვენ პირდაპირ ეთერში გვიყურებს საქართველოს მოსახლეობა და მათთვის მე მინდა განვმარტო, რომ „პროგრესული ალიანსი“ არის მსოფლიოს მემარცხენე პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების უმსხვილესი გაერთიანება და ჩვენი პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის ამ ორგანიზაციის, ამ გაერთიანების, პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრი, რაც ჩვენთვის საამაყო და ძალიან საპასუხისმგებლო ფაქტია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სოციალ-დემოკრატია საქართველოში სათავეს 1918 წლიდან იღებს და სიმბოლურია, რომ სწორედ მიმდინარე წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს ემთხვევა.

„100 წლის წინ ჩვენი წინაპრების ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით საქართველომ თავისუფლების გარდა, მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რომელიც ეფუძნებოდა სოციალ-დემოკრატიულ შეხედულებებს. მართალია, პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, მაგრამ მისმა იდეებმა და იდეალებმა გაუძლო საბჭოთა რეჟიმს  და შემდეგ უკვე ფრთები შეისხა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვების შემდეგ. დღეს კი საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციური სტაბილურობით. საქართველო იქნება სასურველი პარტნიორი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისთვის, ქვეყნებისთვის არა მარტო პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მინდა, აქ დამსწრე საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ჩვენი პარტიის ხედვები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის” უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი, რაც ასახულია კანონმდებლობაში.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება გამოცხადდა როგორც უზენაესი კონსტიტუციური ღირებულება. ეს ძირითადი ორიენტირი არის ასახული ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენს კანონმდებლობაში და მინდა, განვმარტო თითოეული მათგანი სფეროების მიხედვით. ჩვენ განვახორციელეთ სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ორიენტირებული იყო სწორედ ადამიანზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, დისკრიმინაციისგან თავისუფალი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე. ჩვენ შევძელით და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მთელი რიგი მიმართულებებით  სოციალური მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობისათვის. მარტო ერთ ფაქტს გავუსვამ ხაზს, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში ორჯერ და მეტად გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, აისახა ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვრჩება, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების უფრო მტკიცე დაცვა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და ეს მიღწევებიც ეფუძნება იმის გააზრებას, რომ ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სოციალური ფენა იყოს აქტიურად ჩართული ჩვენს პოლიტიკურ- საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ხაზი მინდა გავუსვა ქალების როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და გადაიდგმება, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ქალების წარმომადგენლობა როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში ასევე ეკონომიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უმჯობესდება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ხარისხი, რაც იგივე მიზანს ემსახურება. განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, როგორც ეს პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში არის აღნიშნული. ამ მიმართულებით არის დაგეგმილი ფუნდამენტური ცვლილებები, და ესეც მოემსახურება იმ მთავარი მიზნის განხორციელებას, რასაც ჰქვია ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების წარმოჩენა. ამ რეფორმების გატარება ბუნებრივია, არ არის მარტივი. გვაქვს მთელი რიგი წინააღმდეგობები ამ რეფორმების გატარებაში და ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. პრემიერმა უკვე ისაუბრა იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც არის შექმნილი ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში ასევე, ყოფილ სამხრეთ ოსეთში, და ეს უნდა იყოს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და თანადგომით საბოლოოდ, ჩვენ შევძლებთ ამ ჩვენი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას. ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობაზე, – ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია არის დაფუძნებული იგივე ღირებულებებზე, რომელზეც არის აგებული საშინაო პოლიტიკა, ეს არის საქართველოს ისტორიული არჩევანი.

„საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენი ხედვები კარგად არის ცნობილი და სწორედ ამ ფაქტორის წყალობით ჩვენ ვახერხებთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას მოსახლეობაში, ამის დასტურია გასული არჩევნების შედეგები. ჩვენ მხარს გვიჭერს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რაც მოწმობს ჩვენი კურსის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დადებით და პოზიტიურ დამოკიდებულებას. რაც შეეხება ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმებს, „ქართული ოცნება“ არის ახალგაზრდა პარტია, თუმცა პარტია წლიდან წლამდე ვითარდება, პარტია აძლიერებს თავის სტრუქტურებს, ცდილობს რომ კიდევ უფრო გააღრმავოს საკუთარი კავშირები მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან, დღეს, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ არის საქართველოში ყველაზე ძლიერი, სტრუქტურულად გამართული და პატივსაცემი პოლიტიკური ორგანიზაცია, რასაც გარკვეული წვლილი შეაქვს იმაშიც, რომ განვითარდეს ჩვენი გლობალური ფორუმის შესაძლებლობები. ჩვენ ვართ მზად, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ კვლავაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პროგრესული ალიანსის საქმიანობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი