ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი ბიუროკრატების მიერ დაყენებული ყველა პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი ბიუროკრატების მიერ დაყენებული ყველა პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან

ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის მზად ვართ, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება, რომ არ დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, ომში ჩართვის ან ხელისუფლების ცვლილების საკითხები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის „მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“.

„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ყველა ეს პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი შეფასება, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიისგან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან, ამას, ბუნებრივია, საზოგადოება აკვირდება და აფასებს, მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს, უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით. ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.