ირაკლი კობახიძე - საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის
ირაკლი კობახიძე - საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის

მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021-2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბილბაოში განაცხადა, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.

„საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას აზიასთან და აქვს დიდი პოტენციალი, შემდგომ განავითაროს სატრანზიტო ფუნქცია და შესაძლებლობები. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაყოფიერ ნიადაგს ეკონომიკური საქმიანობისა და ინვესტიციებისთვის ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განაცხადი და იმედია, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს. თქვენი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად. საერთო ჯამში, ასევე ზოგადი კონტექსტი იძლევა ნაყოფიერ ნიადაგს ბასკეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. მე მივიჩნევ ამას, როგორც ჩემს პასუხისმგებლობას, გავაკეთო ყველაფერი ამ პოზიტიური ტენდენციის ხელშეწყობისთვის. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს და ყველა ჩვენს ბასკ კოლეგას ჯილდოსთვის, ასევე შესანიშნავი მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.