ირაკლი კობახიძე - საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩვენ გვსურს, აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს
საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს – დასავლეთთან. ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ მიზნით ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
„საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს – დასავლეთთან. ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს. ბევრს ვაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში – მაგისტრალების, საზღვაო პორტების, აეროპორტების, რკინიგზის ჩათვლით. ეს ინვესტიციები ახალ შესაძლებლობებს უქმნის საქართველოს. კიდევ უფრო მეტად გვსურს პარტნიორობის გაძლიერება შესაბამის ქვეყნებთან, ვაჭრობის ორივე მხარეს – ევროპასთან, აშშ-თან და, ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან. მიმაჩნია, რომ არსებული ძალიან პოზიტიური დინამიკა ხელს შეუწყობს ჩვენი სტრატეგიული ფუნქციის აღდგენას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.