ირაკლი კობახიძე - საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად გამოვიყენებთ
ირაკლი კობახიძე - საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად გამოვიყენებთ

კატარში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა მიმდინარეობს. ასამბლეაში მსოფლიოს 169 ქვეყნის დელეგაცია და 800-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. კატარში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, რაც სხვადასხვა ქვეყანასთან კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

„მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 140-ე ასამბლეაში. ასამბლეაზე დაახლოებით 160 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციაა წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, განვავითაროთ ჩვენი კავშირები სხვადასხვა ქვეყანასთან. ასამბლეის ფარგლებში გვაქვს ორმხრივი შეხვედრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დოჰაში ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„საუბარი გვექნება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამ ასამბლეას გამოვიყენებთ, რომ გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.