ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით და არჩევნების შემდეგ კიდევ დაახლოებით ერთი თვე უწევს ზურაბიშვილს პრეზიდენტობა, მისი პატრონებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავაც ეკავოს ეს თანამდებობა
ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით და არჩევნების შემდეგ კიდევ დაახლოებით ერთი თვე უწევს ზურაბიშვილს პრეზიდენტობა, მისი პატრონებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავაც ეკავოს ეს თანამდებობა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას და ელოდებიან სათანადო დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოსგან.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს თავიდანვე ჰქონდა გარანტიები, რომ რადიკალური ოპოზიცია არ დაუჭერდა მხარს იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ვერ გარისკავდა.

„რაც შეეხება თავად იმპიჩმენტის პროცესის განვითარებას, ჩვენ ველოდებით, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ამ თემასთან დაკავშირებით. საკითხი უმარტივესია – არის რეალურად კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს სურს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის, სამუშაო ვიზიტის განხორციელება და ა.შ., მას ესაჭიროება მთავრობის თანხმობა. რატომ? აქ არის მთავარი სისტემა. სისტემა გვეუბნება, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ მთავრობა, ექსკლუზიურად ახორციელებს მთავრობა. სწორედ ამის გამოა, რომ პრეზიდენტს ყოველ ჯერზე ესაჭიროება მთავრობის თანხმობა, თუ მას სურს ვიზიტის განხორციელება. თუ მას არ აქვს თანხმობა, ამ შემთხვევაში უკვე უხეშად ირღვევა კონსტიტუცია. ამიტომ ყველაფერი დღესავით ნათელია. ჩვენ ველოდებით, შესაბამისად, სათანადო დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოდან. პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსია, ამას კიდევ ერთხელ ძალიან ხაზგასმით გავიმეორებ. შესაბამისად, არ ვიცი, აქ სხვა დასკვნა როგორ შეიძლება ვინმემ გამოიტანოს, რომელიმე იურისტმა, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას. უბრალოდ, შეუძლებელია, აქ სხვა დასკვნა გამოიტანო.

სამართლებრივი მხარე წარიმართება თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ უკვე პროცედურის პოლიტიკური ნაწილი გადმოდის საქართველოს პარლამენტში, სადაც იმპიჩმენტის სათანადოდ დასრულებას სჭირდება 100 ხმა. ჩვენ არ გვაქვს ამის მოლოდინი. თავიდანვე ვამბობდით, როცა იმპიჩმენტი აღვძარით, რომ ასი ხმის მოლოდინი არ გვაქვს მარტივი მიზეზის გამო – სალომე ზურაბიშვილს თავიდანვე ჰქონდა გარანტიები, როდესაც ის უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ ვერ გარისკავდა. მისთვის მნიშვნელოვანია, არა მარტო მისთვის, მისი პატრონებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი წელი კიდევ ეკავოს სალომე ზურაბიშვილს, საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით და საპარლამენტო არჩევნებს მიღმა კიდევ დაახლოებით ერთი თვე უწევს პრეზიდენტობა, მათთვის მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილს კვლავაც ეკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, რომ რადიკალური ოპოზიცია არ დაუჭერდა მხარს იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი ვერ გარისკავდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასი ხმის მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის კითხვას, „რისთვის სჭირდებათ სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთი წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე“, – ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ერთადერთი მიზანია მუდმივი საბოტაჟი.

„თანამდებობა გამოიყენება, როგორც რესურსი ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილებები ძალიან შეზღუდული აქვს საპარლამენტო რესპუბლიკაში მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს. მას აქვს სტატუსი, და ეს სტატუსი მაღალია. მას შეუძლია იმის გაგრძელება, რასაც აქამდე აკეთებს. ის იყენებს თავის თანამდებობას და სტატუსს, რათა თუნდაც კონსტიტუციის უხეში დარღვევით შექმნას გარკვეული უხერხულობები. ამ შემთხვევაშიც ხედავთ, რა ხდება. უხერხულობები მან უკვე შექმნა. იგივე თქვენ ნახეთ მათ შორის შტაინმაიერის რეაქცია იმპიჩმენტის აღძვრაზე. მას აღარ გაუპიარებია აქტიურად ის შეხვედრა, რომელიც გამართა საქართველოს პრეზიდენტთან. ერთი პატარა, თუ არ ვცდები, ვებგვერდის ჩანაწერით შემოიფარგლა. ეს იყო და ეს. რამდენიმე ფოტო გავრცელდა. ასევე, გახსოვთ მაკრონის რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაქსიმალურად შეეცადა, რომ ოფიციალური შეხვედრის სახე არ მიეცა იმ შეხვედრისთვის, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილთან და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო, რომელიც შემდეგ გავრცელდა. ევროპელი ლიდერები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს უხერხულობა ბოლომდე მაინც არ შექმნან, ნაწილობრივ მაინც დააზღვიონ, თუმცა უხერხულობა მაინც სახეზეა. პრეზიდენტი  ყველა შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის რანგში ხვდება სხვა ქვეყნის პრეზიდენტს, ის ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და ამას აკეთებს კონსტიტუციის დარღვევით, რაც ესმით ბუნებრივია შესაბამისი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს, მათ აქვთ საამისო გამოცდილება, ინფორმაციაც, ცოდნაც და შესაბამისი ანალიზის უნარიც. აქედან გამომდინარე, ეს არის მუდმივი მიზანი. აქაც კანდიდატის თემას უკავშირებენ, ესეც შემთხვევითი არ არის. თქვენ იცით, რომ არის მუდმივი საუბრები, არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არამედ ხალხი მიიღებს კანდიდატის სტატუსს და  სალომე ზურაბიშვილი  გამოხატავს ხალხის ნებას, არა ხალხის მიერ ამ მანდატით არჩეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ა.შ. ამ ყველაფრის ნაწილია. რეალურად ხდება თანამდებობის და სტატუსის რესურსად გამოყენება, რათა რაღაცნაირად განხორციელდეს საბოტაჟი  ხელისუფლების მიმართ. იგივე გახსოვთ, ნინო ლომჯარია, რომელიც იყო სახალხო დამცველი, ყველაფერს აკეთებდა, გარდა იმ უფლებამოსილებისა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს. მთლიანად პოლიტიკაში იყო შესული, არცერთ პატიმართან არ შესულა პრაქტიკულად, ერთადერთი, ვისთანაც შედიოდა, იყო მიხეილ სააკაშვილი. ესეც იყო პოლიტიკური აქტი და არა სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების აქტი. თავიდან ბოლომდე შესული იყო პოლიტიკაში და ამას ავალებდნენ ზუსტად იგივე ადამიანები, ვინც ახლა დავალებებს გასცემს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რადგან არის გარკვეული სტატუსი. სახალხო დამცველიც ოფიციალურად წარმოადგენს ხელისუფლებას გარკვეული ფორმით, მას აქვს შესაბამისი კონსტიტუციური სტატუსი, ამ რესურსის გამოყენება ხდებოდა თავის დროზე ნინო ლომჯარიას სახით, როცა ის შეიყვანეს პოლიტიკაში, ისეთი თანამდებობიდან, რომელიც არ არის დაკავშირებული პირდაპირი, უშუალო ფორმით პოლიტიკასთან. მითუმეტეს იყენებენ ისინი პრეზიდენტის სტატუსს, რომელიც კონსტიტუციურად მართალია, სიმბოლურია, მაგრამ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე იგივე სახალხო დამცველის სტატუსი. ანუ, საბოტაჟისთვის ხდება თანამდებობის რესურსად გამოყენება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.