ირაკლი კობახიძე - სანქციები, რომელიც დადგენილია ამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არის აბსოლუტურად პროპორციული
სანქციები, რომელიც დადგენილია ამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არის აბსოლუტურად პროპორციული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი კანონით დადგენილი სანქციებიც არის აბსოლუტურად პროპორციული – არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმა სამი ათასი ლარის ოდენობით და მხოლოდ დანაშაულის განმეორების შემთხვევაში გადადის სისხლის სამართალში.
„კანონით არის დადგენილი გრძელვადიანი ნორმები, რომლებიც ნებისმიერ საგანგებო და ნებისმიერ საომარ მდგომარეობას შეიძლება შეეხოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საგანგებო მდგომარეობას, ამ საგანგებო მდგომარეობისთვის სანქციები არის დაწესებული უშუალოდ დეკრეტით და სწორედ ამ სანქციების ფარგლებში იქნება შეფარდებული შესაბამისი ზომები.
დაწესებულია ჯარიმა სამი ათასი ლარის ოდენობით და რეციდივის განმეორების შემთხვევაში უკვე საპატიმრო სასჯელია, სისხლის სამართლებრივი სასჯელი. ამ კუთხით რჩება ძალაში ის სანქციები, რომლებიც არის დეკრეტით გათვალისწინებული და ჯერ ამ დეკრეტით გათვალისწინებული სანქციების გადახედვა არ იგეგმება. ეს სანქციები, რომლებიც დეკრეტით არის დადგენილი, არის პროპორციული თავისი შინაარსით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერ სანქციას აქვს პრევენციული მიზანი და ამ შემთხვევაში, საუბარია, პირველ რიგში, ეპიდემიის გავრცელების პრევენციაზე.
„სწორედ ამას ემსახურება ის პროპორციული სანქციები, რომლებიც არის დადგენილი, როგორც დეკრეტით, ასევე ახალი კანონით, რომელიც ჩვენ მივიღეთ. გაისმა არაერთი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით. მთლიანად აცდენილი იყო სინამდვილეს ის სპეკულაციური განცხადებები, რომლებიც ჩვენ პოლიტიკოსებისგან, თუ არაპოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ. რეალურად, სანქციები, რომელიც არის დადგენილი ამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არის აბსოლუტურად პროპორციული. ახალი კანონით დადგენილი სანქციებიც არის აბსოლუტურად პროპორციული. არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმა სამი ათასი ლარის ოდენობით და მხოლოდ განმეორების შემთხვევაში გადავდივართ სისხლის სამართალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.