ირაკლი კობახიძე - სანდუს მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში, თავის პატიმარ პრეზიდენტს მიხედოს
ირაკლი კობახიძე - სანდუს მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში, თავის პატიმარ პრეზიდენტს მიხედოს

ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნის კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. გარდა ამისა, ზელენსკიმ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საქართველოდან გაიწვია ელჩი. ამ პირობებში ჩვენი მხრიდან მისი პარლამენტში ჩართვა გაუგებარი იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილს ნება დართოს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაია სანდუმ თავის პატიმარ პრეზიდენტს უნდა მიხედოს.

„სანდუს მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში, ეს მაინც უნდა შევახსენოთ. ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნის კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ზელენსკის განცხადებას განსაკუთრებული ფასი ვერ ექნება, რადგან მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ თავის მეექვსე პატიმარ პრეზიდენტს უნდა მიხედოს. ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციაში, რომლის მიზანიც იყო ვითარების არევა და მეორე ფრონტის გამოწვევა. ლორთქიფანიძე, რომელიც დაწინაურდა კიდეც, ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო. ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლები – დანილოვი, პოდოლიაკი და სხვები პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ საქართველოდან გაიწვია ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და დღემდე არ დაუნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ჩვენი მხრიდან მისი პარლამენტში ჩართვა და სხვა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გაუგებარი იქნებოდა. მათ უნდა თქვან უარი ომისკენ მიმართულ რიტორიკაზე, ეს არის აუცილებელი. ვიდრე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიწოდებენ საქართველოში ომის გაჩაღებისკენ, მანამდე ხინჯი იქნება ურთიერთობებში. დანილოვმა ან პოდოლიაკმა ბოდიში მოიხადეს? ზელენსკისთან ყველაზე დაახლოებული პირები ისინი არიან, არცერთს არ მოუხდია ბოდიში და არცერთს არ წაუღია სიტყვები უკან. შესაბამისად, ეს სიტყვები ძალაშია. რაც შეეხება ზელენსკის ამერიკაში ვიზიტს, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ეს იყო სოლიდარობის აქტი, რაც ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იყო გამოხატული, რაც ბუნებრივია, როცა საქმე ეხება ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებს“, – განაცხადა კობახიძემ.