ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება ვერ მოხერხდა
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება ვერ მოხერხდა

სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება და მისი ბოლომდე მიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.

„ჩვენ აღვნიშნავთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ზვიად გამსახურდია იყო პატრიოტი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული როლი ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

ის იყო უდიდესი საზოგადო მოღვაწე და ჩვენი ვალია, მის ხსოვნას მივაგოთ სათანადო პატივი. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება და მისი ბოლომდე მიყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადებები, რომ ეს საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი. ჩვენ სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და სპეციალურად კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომელიც გამოძიებას აძლევს მეტ დროს ამ საქმის გამოძიებისთვის. შესაბამისად, ამ კუთხით, სამართალდამცველების მიმართ არის სრული მხარდაჭერა. იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს შესაბამისი უწყებები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.