ირაკლი კობახიძე – სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა
ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასაცილო და ტრაგიკულია.
„ერთადერთი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, რადგან ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ეს მაკავებს იმისგან, რომ რაიმე სიღრმისეული კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით; მეორე, იმდენად არასერიოზულია ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას. ვინც ავრცელებს ასეთ სიყალბეს, ის დგას ამის უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული. არიან ძალები, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ და ძალიან სამწუხაროა, რომ, კონკრეტულად, კონკრეტული მედიასაშუალებაა. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“, – განაცხადა პრემიერმა.