ირაკლი კობახიძე - „სამართლიან არჩევნებთან“ იყო ონლაინ შეხვედრა, არ ვიცი, რა ფორმა შეიძლება, არსებობდეს ასეთი შეხვედრის დროს ზეწოლისა და შანტაჟის, სასაცილოც არ არის ეს ყველაფერი
„სამართლიან არჩევნებთან“ იყო ონლაინ შეხვედრა, არ ვიცი, რა ფორმა შეიძლება, არსებობდეს ასეთი შეხვედრის დროს ზეწოლისა და შანტაჟის, სასაცილოც არ არის ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა ზეწოლა „სამართლიან არჩევნებზე“.
„მინდა, აღვწერო სიტუაცია ზეწოლასთან დაკავშირებით. იყო ონლაინ შეხვედრა, სადაც პარტიის ოფისში იჯდა ჩვენი პარტიის სამი წარმომადგენელი, სამი ახალი სახე, ასე ვთქვათ და მათ ჰქონდათ ონლაინ შეხვედრა ციფრებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, შეიძლება რაიმე ფორმა არსებობდეს ონლაინ შეხვედრის დროს ზეწოლის და შანტაჟის, სასაცილოც არ არის ეს ყველაფერი. რეალურად, ძალიან საეჭვოა ის, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ არის დაკავშირებული პირდაპირ პოლიტიკურად „ევროპულ საქართველოსთან“. არ შევიდეთ სიღრმეში, „ფორმულა“ არის „ევროპული საქართველოს“ ტელევიზია, „მთავარი“ და „ტვ პირველი“ არის ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები. არჩევნები საქართველოში არ ყალბდება, სიყალბე არის ის, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ „ფორმულა“ არ არის „ევროპული საქართველოს“ ტელევიზია, როცა ყველამ იცის, ვინ აფინანსებს მას, როგორია კავშირები და ა.შ.
ახლა, რაც შეეხება ზოგადად, „ევროპული საქართველოს“ როლს ამ ყველაფერში. „ევროპული საქართველო“ არის ერთ-ერთი გამოკვეთილი რადიკალური პარტია და მინიშნებების სახით შემიძლია, გითხრათ, როდესაც ისინი ასეთ აბსურდებს ამბობენ, ამის უკან შეიძლება, იდგეს კონკრეტული მიზეზი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.