ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს სიმბოლურად ეწოდება ერთიანობის გარანტი და დაპირისპირებულია ყველა ლეგიტიმურ ინსტიტუტთან, როგორ შეიძლება, ამის შემდეგ კვლავაც იკავებდეს პრეზიდენტის თანამდებობას
სალომე ზურაბიშვილს სიმბოლურად ეწოდება ერთიანობის გარანტი და დაპირისპირებულია ამ ქვეყანაში მოქმედ ყველა კონსტიტუციურ ლეგიტიმურ ინსტიტუტთან. როგორ შეიძლება, ამის შემდეგ კვლავაც იკავებდეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისვე თქმით, პრეზიდენტი ხშირად არღვევს ეთიკის წესებს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც ზრდილობას გაცდენილია.
„არის სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც სალომე ზურაბიშვილი არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და ეს მიზეზებიც მინდა, განვმარტო. სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციაში მოხსენიებულია, როგორც ქვეყნის ერთიანობის გარანტი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არის ქვეყნის ერთიანობის სიმბოლური გარანტი და ამ ფონზე სალომე ზურაბიშვილი დღეს უპირისპირდება უკლებლივ ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუტს, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს. შეგახსენებთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაზე, ეს არის მთავარი კონსტიტუციური ინსტიტუტი და მასთან დაპირისპირებულია საქართველოს პრეზიდენტი, ასევე, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ექსკლუზიურად არის პასუხისმგებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, ეს არის სასამართლო ხელისუფლება. იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის მიერთებული ზოგიერთი „ენჯეოს“ მიერ წარმოებულ კამპანიას ე.წ. კლანის თაობაზე და ახლა უკვე ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც ის ძალიან უხეშად დაუპირისპირდა. პირდაპირ თავს დაესხა ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მან ამოხსნა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი, მოახერხა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსის ამოხსნა. შეგახსენებთ, პრეზიდენტი ასევე დაუპირისპირდა საქართველოს სახალხო დამცველს, რომელსაც ლეგიტიმაცია დაუწუნა, 90-ზე მეტი ხმით არჩეულ სახალხო დამცველს დაუწუნა ლეგიტიმაცია. რამდენიმე დღის წინ, თუ არ ვცდები, ორი დღის მიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში პრეზიდენტი ყოფილა ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი შეგვრჩა. თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ, ეს რაზე მეტყველებს.
სიმბოლურად მას ეწოდება ერთიანობის გარანტი და დაპირისპირებულია ამ ქვეყანაში მოქმედ ყველა კონსტიტუციურ ლეგიტიმურ ინსტიტუტთან. როგორ შეიძლება, ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კვლავაც იკავებდეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას. პირდაპირ უპირისპირდება იმ სიმბოლურ სტატუსს, რომელიც მას აქვს კონსტიტუციით მიკუთვნებული.
მეორე მთავარი მიზეზი არის ის, რომ პრეზიდენტი სულ უფრო ხშირად არღვევს ეთიკის წესებს და, სამწუხაროდ, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ზრდილობას აბსოლუტურად გაცდენილია. რამდენიმე დღის წინ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები – პატარა კაცები. მინდა, შეგახსენოთ, რომ პატარა კაცი გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც მას რეზიდენტად მოიხსენიებდა, არცერთხელ უწოდებია. მეტიც, ეს კაცი შემდეგ შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა, ის პატარა, კაცი რომელიც სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ. აქ ჩანს, რეალურად, რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად. სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, სადაც არ შეიძლება ღირსეული ქართველის ყოფნა. ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.