ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა უმძიმესად გააკრიტიკა ევროპარლამენტის რეზოლუცია და ჩვენ აგვიკრძალა ევროპელების კრიტიკა, თუ ვიღაც არის ასე უხეშად უსამართლო, ბუნებრივია, ამას პასუხი სჭირდება
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა უმძიმესად გააკრიტიკა ევროპარლამენტის რეზოლუცია და ჩვენ აგვიკრძალა ევროპელების კრიტიკა, თუ ვიღაც არის ასე უხეშად უსამართლო, ბუნებრივია, ამას პასუხი სჭირდება

გააჩნია, რა ხარისხს მიაღწევს ის უსამართლობა, რაც მაგალითად, უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ამ ხარისხიდან გამომდინარე შეიძლება, ჩვენ მოგვიწიოს რაღაცის თქმა, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როდის შეიძლება, ისაუბროს ხელისუფლებამ დეტალებზე, რა იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში მძიმე ჩანაწერების მიზეზი, რაზეც ახლა მინიშნებით საუბრობს.

„ასეთი რამ, მგონი, არ მოხდება, მაგრამ მაგალითად, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ საერთოდ არაფერი, ამ შემთხვევაში ალბათ, მოგვიწევს რაღაცებზე საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, აღიქმება თუ არა ეს მუქარად, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არც მუქარაა და არც შანტაჟი.

„რეალურად, ჩვენ ვსაუბრობთ იძულებაზე. ეს არც მუქარაა და არც შანტაჟი. ჩვენ რაღაც მომენტში გავხდებით იძულებული, რომ საზოგადოებას სიმართლე ვუთხრათ, რასაც ამ ეტაპზე იმიტომ არ ვეუბნებით, რომ რაღაცებს ვუფრთხილდებით, ისევ ამ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უჩენს თუ არა ეს ოპოზიციას იმის თქმის საბაბს, რომ მმართველი გუნდის ლიდერთა განცხადებებში ანტიევროპული რიტორიკა დიდი დოზით არის, კობახიძემ აღნიშნა, რომ როცა საქმე ეხება თუნდაც, უცხოელ პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს და ასე შემდეგ, ხელისუფლება ყოველთვის მოპასუხის როლშია.

„პრეზიდენტთან ჩვენ საერთოდ არანაირი პოლემიკა არ გვქონია და არც დღეს გვაქვს სურვილი, რამე პოლემიკაში შევიდეთ. ეს არ არის ჩვენს ინტერესებში, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი გამოდის და რაღაც ბრალდებას უსამართლოდ გიყენებს, შენ უნდა უპასუხო. როდესაც შენ პრეზიდენტს პასუხობ, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება ჩათვლილი პრეზიდენტზე თავდასხმად. როდესაც ის გაბრალებს რაღაცას და შენ პასუხობ, ეს არის ჩვეულებრივად პასუხი. იგივე, როდესაც ევროპარლამენტარები გეუბნებიან, რომ გვარამია და სააკაშვილი უნდა გაუშვა, კეზერაშვილი და აქეთ ივანიშვილი უნდა დასაჯო, ამაზე პასუხის არგაცემა რა არის, ღირსების საქმეა ხომ ეს ყველაფერი?! რანაირად შეიძლება, ამას არ უპასუხო და მეორე, როცა პასუხობ, როგორ შეიძლება, ამას რბილად უპასუხო, როდესაც რეზოლუციაში ამ ხარისხის უსამართლობა წერია?! სხვათა შორის, ზურაბიშვილმა თვითონაც უმძიმესად გააკრიტიკა ეს რეზოლუცია. თქვა, რომ არის უამრავი დაუსაბუთებელი ბრალდება, არის ტექნიკური ხარვეზები და ა.შ. ამაზე მეტი კრიტიკა რა უნდა იყოს?! უმძიმესად გააკრიტიკა თვითონ ზურაბიშვილმა ეს რეზოლუცია და მერე ჩვენ აგვიკრძალა ევროპელების კრიტიკა. ნუ, რანაირად ახლა, თუ ვიღაც არის უსამართლო და თან, ასე უხეშად უსამართლო, ბუნებრივია, ამას პასუხი სჭირდება და თუ უსამართლობა უხეშია, ამ შემთხვევაში პასუხი უნდა იყოს სათანადო დოზით მკაცრი“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი