ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, რაც მის კონსტიტუციურ ფუნქციას სრულად შეესაბამება
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, რაც მის კონსტიტუციურ ფუნქციას სრულად შეესაბამება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვა ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით დაუსვეს.

კობახიძის თქმით, მისი მხრიდან პრეზიდენტის შეფასება სწორი არ იქნება.

„ზოგადად, შემიძლია, აღვნიშნო, რომ მან ისაუბრა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან, სხვადასხვა საკითხზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან თავი წარმოაჩინა თავისი პირველი გამოსვლის დროს ჟურნალისტების წინაშე, საზოგადოების წინაშე, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის სპიკერის თქმით, ოპოზიციის შეფასებები ამ საკითხზე ძალიან სამწუხაროა, რადგან ისინი პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა გაუფრთხილდნენ.

„მოვისმინე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, რადგან ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. შესაბამისად, განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. ეს არის სამწუხარო, თუმცა იმედი მაქვს, ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს. პრეზიდენტი აუცილებლად დაინტერესდება ყველაფრით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრეზიდენტობის პირველი სამი კვირა შეაჯამა, ასევე ახალ ინიციატივებზე ისაუბრა, მათ შორის ცილისწამების შესახებ კანონზე. გარდა ამისა, განაცხადა, რომ უარს ამბობს საპრეზიდენტი ხელფასზე, რომელსაც სპეციალურ ფონდში გადარიცხავს. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხებზე უპასუხა.