ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება მორიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსია, ამით ვერ ვიქნებით დაინტერესებული, ეს არის მისი საქმე
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება მორიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსია, ამით ვერ ვიქნებით დაინტერესებული, ეს არის მისი საქმე

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებით ვერ იქნება დაინტერესებული.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის““.

კობახიძის შეფასებით, ეს რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსია და სხვა არაფერი.

„სინამდვილეში, ეს არის მორიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსი, სხვა არაფერია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამით ვერ ვიქნებით დაინტერესებული, ეს არის მისი საქმე. ვიღაცების მიზანია, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახოს, რაც ძალიან გაუჭირდებათ, თუმცა ვნახოთ. ეს არის სალომე ზურაბიშვილის საქმე. ისინი ეცდებიან, რომ ახალი პარტიით გადალახონ ხუთპროცენტიანი ბარიერი, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ, გამომდინარე იქედან, რომ თავისთავად სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული ფიგურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას დაესწრო.