ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია იყო უმძიმესი, რომლის გახსენებაც არ მინდა
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია იყო უმძიმესი, რომლის გახსენებაც არ მინდა

პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა, უმძიმესი იყო, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომ პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის ქცევებს თუ განცხადებებს ვერ იგებდა, იყო თუ არა გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება სააარჩევნო კამპანიის დროსაც და თუ ასე იყო, რატომ უჭერდა მხარს მმართველი გუნდი მის კანდიდატურას.

„მაშინაც არ გვიჯერებდა. როცა კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმოება. აი, ტექნიკური საკითხებიც რომ ავიღოთ, კლიპი იყო რაღაცნაირად გადასაღები და იქაც კი არ მოგვყვებოდა კლიპის გადაღებაში. ან, რაღაც აქცია იყო დასაორგანიზებელი, უარს ამბობდა მოსვლაზე და ა.შ. ჩვენ გვქონდა გამოცდილი პიარული გეგმა და ამაში არ მოგვყვებოდა. მერე იყო კონკრეტული განცხადებები, რაზეც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა და სამწუხაროდ, მაინც გააკეთა. მაგალითად, აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება. ჯერ პირველი განცხადება გაკეთდა, მერე მოგვიწია ამის რაღაც შელამაზებ. მერე, სხვათა შორის, ოპოზიციამ პირადად მეც შემაქო ამასთან დაკავშირებით, კარგად შეალამაზაო, არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინცო. მერე, მეორე ისეთი დაემატა, რომელიც რთულად შესალამაზებელი იყო და ა.შ. ასეთი რაღაცები იყო, მაგრამ ეს არის წარსული, რომლის გახსენებაც არ ღირს. დაყენებული იყო კანდიდატი და რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყევით ამ კამპანიას. მთავარი ამოცანა იყო, „ნაცმოძრაობა“ არ მოსულიყო საპრეზიდენტო ინსტიტუტის სათავეში“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ფიქრობდა თუ არა მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის შეცვლაზე საარჩევნო კამპანიის დროს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამაზე არ ფიქრობდა, მაგრამ რომც ეფიქრა, მისი კანდიდატურა უკვე დაყენებული იყო და ვადაც გასული იყო.

„მაგ ნიუანსებში საერთოდ არ მინდა შესვლა, მაგრამ ასეთი რაღაცები იყო და აქციის დაანონსებაც იყო ამის მაგალითი. ადამიანს რომ ეუბნები, რომ ასე უპასუხისმგებლოდ არ შეიძლება აქციის დაანონსება და როცა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს, არ შეიძლება, ევროპის მოედანზე 300 კაცი მიიყვანო. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ არ გიჯერებს, მერე თვითონ ექმნება პრობლემები, რა თქმა უნდა. ჩვენ ეს განცხადებაც მისთვის გავაკეთეთ. იმისთვის, თვითონ არ შექმნოდა პრობლემა, მაგრამ ნუ, გააკეთა ეს ანონსი, მივიდა და დახვდა 300 კაცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.