ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სხვადასხვა მხრიდან გარკვეული ნაბიჯები მოჰყვა, რამაც სამწუხაროდ, განაპირობა ვითარების გამწვავება, ეს არის კონტრპროდუქტიული

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სხვადასხვა მხრიდან გარკვეული ნაბიჯები მოჰყვა, რამაც სამწუხაროდ, განაპირობა ვითარების გამწვავება, ეს არის კონტრპროდუქტიული, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების დაინტერესდნენ, თუკი აზერბაიჯანთან გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ შესათანხმებელი იყო, ნაჩქარევი იყო თუ არა ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან და დიპლომატიურად, რამდენად გამართლებული და სწორი იყო ეს ნაბიჯი: „დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხის ხაზგასმა ვერ ჩაითვლება რაიმე პრობლემად, მთავარია, რომ მერე ამას არ მოჰყვეს ხოლმე პროვოკაციული ნაბიჯები, ჩვენ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე ყველას, რომ თავი შეიკავონ კერძო ინიციატივებისგან და იმპროვიზაციებისგან – ეს არის ის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის კონსულტაციების საფუძველზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს სალომე ზურაბიშვილის კერძო ინიციატივა, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ უგულისხმია.

„არა, მე სხვა რამეს ვგულისხმობ. მერე მოჰყვა გარკვეული ისეთი ნაბიჯები სხვადასხვა მხრიდან, რამაც სამწუხაროდ, განაპირობა ვითარების გამწვავება. ამიტომ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, კონტრპროდუქტიული. უნდა დარჩეს ყველაფერი ქვეყნებს შორის ურთიერთობის დონეზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, „კონტრპროდუქტიული ახსენეთ და ამ შემთხვევაში, რისკების გათვლა არ მოხდა? პრეზიდენტის ნაბიჯი იყო პირველი და ამას მოჰყვა კონტრპროდუქტიული ქმედებები“, კობახიძემ განაცხადა:

„კერძო აქტივობა იყო, რომელიც სამწუხაროდ, არ წაადგა მაინცდამაინც ამ საკითხის სწრაფად და ასე ვთქვათ, მოგვარებას. თუმცა, რამდენად ჰქონდათ ამისთვის საფუძველი, ერთია საბაბი, მეორეა საფუძველი. მე მგონია, რომ ამისთვის საფუძველი არ არსებობდა. საბაბის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავარია კონსულტაციების რეჟიმში ხელისუფლებებს შორის, ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს ეს საკითხი და ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს“, – განაცხადა კობახიძემ.