ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება იყო მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება იყო მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევანს პარტია იმის მიხედვით გააკეთებს, თუ როგორი წარსული სულისკვეთება, გამოცდილება ექნება კონკრეტულ კანდიდატს და რამდენად იქნება თანხვედრაში მისი ხედვები პარტიის ხედვებთან.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეფასების ერთ-ერთი მთავრი კრიტერიუმი პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებების შინაარსი იქნება.

რაც შეეხება, დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილს და აკმაყოფილებს თუ არა იგი ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მათ შორის 2008 წლის ომზე დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად პარტიას დაახლოებით სამი კვირა რჩება.

„ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა კომენტარი ქალბატონი სალომეს მხრიდან. არ მინდა, შევიდე სიღრმეში, რადგან ეს გამოვა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გამონათქვამების შეფასება. იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით, ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაციები მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს, თუმცა არ ჩავუღრმავდებოდი ამ თემას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ყველა კანდიდატს შეუძლია თავისი მოსაზრებები გამოთქვას, ჩვენ გვაქვს პრინციპები და საბოლოოდ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავრი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რამდენად არის მათი გამონათქვამები და პოზიცია თანხვედრაში ჩვენს პოზიციასთან”, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.

მისი განმარტებით, 2013 წლიდან მნიშვნელოვნად შეიკვეცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და საპარლამენტო მოწყობის პირობებში სახელმწიფოს მეთაური ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, რაც ვერ მოხერხდება იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ პარტიულ კანდიდატს წარადგენს.

„კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების პროცესის შემადგენელი ნაწილი. ეს არის პარლამენტის და მთავრობის კომპეტენცია. პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურა, რომელიც დგას პოლიტიკაზე მაღლა, ეს არის მისი როლი. თქვენ ხედავთ, როგორ წარიმართება ახლა საპრეზიდენტო კამპანია. ოპოზიციონერები სხვა მიმართულებით ცდილობენ, რომ წაიყვანონ ეს კამპანია. აქაც ცდილობენ შექმნან ერთგვარი ილუზია ამ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. ჩვენ რომ დაგვეყენებინა პარტიული კანდიდატი, ის უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი პარტიის. ამ შემთხვევაში ამ ილუზიას, უფრო მეტად გავაძლიერებდით. არასწორი იქნება ილუზიების გაძლიერება და აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია თავი შევიკავეთ ჩვენი კანდიდატის დასახელებისგან”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.