ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, მათ შორის, სიცრუის ტირაჟირებით
სალომე ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, მათ შორის, სიცრუის ტირაჟირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაცია: ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში. ეს ყოველივე მიზნად ისახავს, საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება, შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე“.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა სახელმწიფოს.
„კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა სახელმწიფოს, ეს არის მოკლე კომენტარი, რაც შემიძლია, ამასთან დაკავშირებით გავაკეთო. ის ყოველ ჯერზე უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, მათ შორის, სიცრუის ტირაჟირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას დაესწრო.