ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის უმძიმესი განცხადება ჩინეთის პრეზიდენტზე სამარცხვინოა და პირდაპირ ნიშნავს, რომ სურს, რამენაირად დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები
სალომე ზურაბიშვილი უმძიმეს განცხადებას აკეთებს ჩინეთის პრეზიდენთან მიმართებით, რაც სამარცხვინოა და პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მისი ინტერესია, დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
როგორც ირკალი კობახიძე აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალური პრეზიდენტი.
„სალომე ზურაბიშვილმა თავად ჩაიყენა ასეთ მდგომარეობაში საკუთარი თავი. ის დღეს არის ფორმალური პრეზიდენტი. როდესაც პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ამას განაგრძობს, იმეორებს, რა თქმა უნდა, ის რჩება ყველასთვის ფორმალურ პრეზიდენტად. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ვერ ჩაითვლება რეალურად პრეზიდენტად, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. მას აქვს თვეები დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე, ეცდება, ამ თვეების განმავლობაშიც დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები, თუმცა ეს არ გამოუვა. ჩინეთის შემთხვევაც არის ამის მაგალითი. მთავრობას მოუწია ბოდიშის მოხდა ამ სამარცხვინო განცხადების გამო. უბრალოდ, სამარცხვინოა, როდესაც პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ძლიერ სახლემწიფოსთან მიმართებით, მის პრეზიდენტთან მიმართებით. ერთადერთი ახსნა ამის შეიძლება იყოს ის, რომ სალომე ზურაბიშვილს პრინციპულად სურს, რამენაირად დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები, რის საშუალებასაც ჩვენ მას არ მივცემთ. სალომე ზურაბიშვილი ვერ იწოდებდა პრეზიდენტად ასეთ ვითარებაში. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, მისი განცხადება გარეჯთან დაკავშირებით გახსოვთ 2019 წელს, მაშინაც თვეები დასჭირდა მთავრობას იმისთვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები სათანადოდ დარეგულირებულიყო. ახლაც აკეთებს უმძიმეს განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტთან მიმართებით, რაც, უბრალოდ, სამარცხვინოა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინტერესია, დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი, ის მიჰყვება გარკვეულ დავალებებს, რომლებიც მიმართულია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს კარგი ორიენტირები საგარეო პოლიტიკის კუთხით.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო პრიორიტეტები, რაც, მათ შორის, საპარლამენტო რეზოლუციებშია ასახული. რაც შეეხება ჩინეთს, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც, სხვათა შორის, ორ საპარლამენტო რეზოლუციაშია ასახული, მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერით არის მიღებული შესაბამისი რეზოლუცია, ეს უკავშირდება იმ რეგიონს, რომელშიც არის ეს უმსხვილესი სახელმწიფო ჩინეთი, ამ რეგიონში პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. როდესაც ამ მიმართულებით ცდილობ, დააზიანო სახელმწიფოს ინტერესები, ეს ნიშნავს, რომ არ ხარ დამოუკიდებელი, ასევე, ნული პატრიოტიზმი გაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.