ირაკლი კობახიძე – საკუთარ ქვეყანას, თუნდაც სიმბოლურად, როდესაც ადარებ მენიუში შეტანილ კერძს, კარგად ჩანს აგენტურის დამოკიდებულება, არცერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არცერთი მენიუს ნაწილი
ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არცერთი მენიუს ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერ გია ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის მენიუში აღარ არის.
პრემიერის თქმით, როდესაც საკუთარ ქვეყანას, თუნდაც სიმბოლურად, ადარებ კერძს, რომელიც ვიღაცის მენიუში შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ეს მეტყველებს ზუსტად აგენტურის ბუნებასა და მათ განწყობაზე ქვეყნის მიმართ.
„ამ ტერმინიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას თუნდაც სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით ადარებ კერძს, რომელიც ვიღაცის მენიუში შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ეს მეტყველებს ზუსტად მათ ბუნებასა და განწყობაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. არცერთ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა არასდროს იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი. თავის დროზე აქეთკენ მიჰყავდათ მათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში საზოგადოების წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არც ერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს,“- განაცხადა პრემიერმა.