ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო დავის შეწყვეტა წმინდა ტექნიკური სამართლებრივი საკითხი იყო
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო დავის შეწყვეტა წმინდა ტექნიკური სამართლებრივი საკითხი იყო

საკონსტიტუციო დავის შეწყვეტა წმინდა ტექნიკური სამართლებრივი საკითხი იყო, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ორგანოთა დავა იყო პროცედურა, რომელიც უნდა წარმართულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში და სამართლებრივად ასეა, რომ კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს სარჩელს. ანუ, აბსტრაქტული არ არის ეს დავა და უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევები. საუბარი იყო გაერო-ზე, მუდმივ წარმომადგენელზე და პრეზიდენტი არ ნიშნავდა დავით ბაქრაძეს. ანუ, სწორედ ბაქრაძის ქეისის გარშემო იყო აგებული ეს საქმე, დაინიშნა ბაქრაძე და ამიტომ დაკარგა სამართლებრივი აქტუალობა. მთავრობას ეს სარჩელი რომც არ გამოეწვია, ტექნიკურად საერთოდ ვერ გაგრძელდებოდა ამ საქმის განხილვა. ამიტომ ეს ტექნიკური ტვირთი მოუხსნა საკონსტიტუციო სასამართლოს და თვითონ გამოიწვია მთავრობამ, თორემ მოუწევდა საკონსტიტუციო სასამართლოს იქვე ამ სარჩელის უარყოფა, იმიტომ, რომ ბაქრაძე დაინიშნა. ანუ, რაზეც იყო დავა, ის დავა მოიხსნა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ თამთა სანიკიძის შეკითხვას უპასუხა, თუ რატომ შეწყდა საკონსტიტუციო დავა, რომელიც კომპეტენციების გამიჯვნას ეხებოდა და საჩივარში მთავრობა პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო დარღვევის დადასტურებას ითხოვდა, სადაც იგულისხმება ცალკეული ელჩების თუ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა დანიშვნის დროს პრეზიდენტისგან მიღებული უარი, რასაც მმართველი გუნდი კონსტიტუციასთან მიმართებაში პრეზიდენტის მხრიდან უმოქმედობად და საკონსტიტუციო ნორმის დარღვევად აფასებდა.

შეკითხვაზე, როგორ არის ახლა ამ კუთხით ორ სახელისუფლებო შტოს შორის ურთიერთობა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის შემდეგ ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესდა.

„მე ასე ვიცი და ეს არის, ძირითადად, მთავრობის და პრეზიდენტის ურთიერთობის საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.