ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოსთვის მისაღებია გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილშობილური გავლენის რეალიზებას, არანაირი შეზღუდვა არ წესდება, მოსახლეობისთვის გამჭვირვალე ხდება ინფორმაცია
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოსთვის მისაღებია გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილშობილური გავლენის რეალიზებას, არანაირი შეზღუდვა არ წესდება, მოსახლეობისთვის გამჭვირვალე ხდება ინფორმაცია

მთლიანობაში 100 მილიონ დოლარზე ნაკლებს შეადგენს ის გრანტები, რომლებსაც სხვადასხვა საერთაშორისო წყაროდან იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც ბიუჯეტის ალბათ ერთ პროცენტზე ნაკლებია. არავითარი არსებითი წყარო ეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის უნდა გახდეს ნათელი, რომელ გრანტს აქვს კეთილშობილური მიზნები და რომელს – არა.

„რაც შეეხება კანონპროექტს, იქ არის 20-პროცენტიანი ზღვარი ჩადებული, ამითაც განსხვავდება ეს პროექტი ამერიკული, რუსული ვარიანტებისგან, სადაც ნული ცენტიდან ან, შესაბამისად, რუბლიდან იწყება უკვე კონკრეტული სუბიექტის აღიარება, გამოცხადება უცხოელ აგენტად. ეს არის რუსული და ამერიკული კანონის შინაარსი. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, რეალურად,  ერთი პროცენტიც არ ფინანსდება უცხოური გრანტებიდან. როგორც ბიუჯეტია გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ასევე უნდა იყოს გამჭვირვალე ინფორმაცია ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს დაფინანსება შეიძლება, ემსახურებოდეს კეთილშობილურ მიზნებს, შეიძლება – არა. ამას სახელმწიფო ერთმანეთისგან არ არჩევს. ამის უფლება სახელმწიფოს არ აქვს. ერთადერთი, ვინც უნდა უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან კეთილშობილური და არაკეთილშობილური მიზნები, ეს არის ქართული საზოგადოება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადენით, სახელმწიფოსთვის მისაღებია მხოლოდ ის გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილშობილური გავლენის რეალიზებას.

„სახელმწიფო თვითონ ფილტრავს გრანტებს და სახელმწიფოსთვის მისაღებია მხოლოდ ის გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილშობილური გავლენის რეალიზებას, მაგალითად, არის გრანტები, რომლებიც მიზნად ისახავს, პირობითად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის აღდგენას. სახელმწიფო ფილტრავს და იღებს ისეთ გრანტს, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება სხვა გრანტებს, მას სახელმწიფო ვერ ფილტრავს და არის რისკი იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება, უცხოური გავლენა არაკეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენოს. კანონი ხომ ვერ ჩაწერს დასავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთს, ამას ვერ ჩაწერს კანონი. ის უნდა იყოს ზოგადი. შეიძლება, იყოს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს გამოცხადებული მტრული მიზნები, მაგალითად, არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ მასაც შეიძლება, ამოძრავებდეს სუვერენიტეტში შეჭრის ინტერესი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. აქ ხომ არანაირი შეზღუდვა არ წესდება, მოსახლეობისთვის გამჭვირვალე ხდება ინფორმაცია, მათ უნდა იმსჯელონ ამაზე“, – განაცხადა კობახიძემ.