ირაკლი კობახიძე - სახელმძღვანელოში ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის დროს ჩამოყალიბდა უმძიმესი რეჟიმი, იგი არის კრიმინალი, რომლის დანაშაულიც ქართულმა მართლმსაჯულებამ აღიარა
ირაკლი კობახიძე - სახელმძღვანელოში ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის დროს ჩამოყალიბდა უმძიმესი რეჟიმი, იგი არის კრიმინალი, რომლის დანაშაულიც ქართულმა მართლმსაჯულებამ აღიარა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც გვხდება კონკრეტულ სასკოლო სახელმძღვანელოში, აქ საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტანტაციასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმძღვანელოში  ფაქტები არის ლაკონურად და მაქსიმალურად მოკრძალებულად ციტირებული.

„ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს, აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგები იყო ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებზე ზეწოლა და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი. ასევე, აკლია მითითება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაული აღიარებული იქნა ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები ამ სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება მარტივი ფაქტების კონსტატაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმძღვანელოში ომის საკითხზე მოკრძალებულად და ლაკონურად არის გაშლილი თემა.

„შეგახსენებთ, თავად „ნაცმოძრაობა“ რას აწერდა ხელს თავის დროზე, მათ შორის საუბარი მაქვს ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, სადაც საუბარია, რომ დაბრალდა ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ამას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“. ასევე, შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ანუ მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს ბრძანებას, სადაც საუბარია, რომ სეპარატისტების მხრიდან იყო გახსნილი ცეცხლი, რასაც რვაში მოჰყვა ქართული საჯარისო შენაერთების მოქმედება, ეს წერია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“. როდესაც ისინი ცდილობენ მარტივ ფაქტებთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირებას და პროპაგანდის ამაზე აგებენ, ეს არის მორიგი წარუმატებელი მცდელობა, რომ ტყუილი მიყიდონ საზოგადოებას, რაც მათ ბუნებრივია არ გამოუვათ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილზე საუბარია, როგორც მეცენატსა და ქველმოქმედზე.

„ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია. ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს მათ შორის სწორედ კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ სამ მილიარდ დოლარზე მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან. ეს ადამიანები და მათი კუთვნილი ტელევიზიები დღეს აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც სამი მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. ესეც არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, თუმცა საზოგადოება ბუნებრივია დაინახავს ყველაფერს. ამის უკან დგას უმარტივესი პოლიტიკური ამოცანები, თუმცა ყველაფერი არის აგებული სიცრუეზე, სიცრუეს ვერ ექნება წარმატება. საზოგადოება საბოლოო ჯამში ხედავს ყველაფერს. ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, მას საბოლოო ჯამში ვერ ამოატრიალებ ისე, რომ საზოგადოებას მიყიდო სრული ტყუილი. რაც წერია სახელმძღვანელოში, ეს არის ფაქტების უმარტივესი კონსტანტაცია. ვფიქრობ, მეტი ფაქტის კონსტატაცია არის საჭირო, რომ ბავშვებმაც იცოდნენ, როგორი იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი, იცოდნენ, რა მასშტაბის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ბიძინა ივანიშვილს საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი