ირაკლი კობახიძე - საგამოძიებო კომისიის სიღრმისეული ანალიზით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ყველა ბრალდება, რომელზეც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ექვსთვიანი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დააფუძნა, სიცრუე იყო
ირაკლი კობახიძე - საგამოძიებო კომისიის სიღრმისეული ანალიზით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ყველა ბრალდება, რომელზეც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ექვსთვიანი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დააფუძნა, სიცრუე იყო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიერ განხორციელებული სიღრმისეული ანალიზით საბოლოოდ დადასტურდა, რომ „ყველა ბრალდება, რომელზეც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ექვსთვიანი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დააფუძნა, იყო სიცრუე და არ ემყარებოდა არავითარ მტკიცებულებებს“.

მისივე თქმით, ოპოზიციის ეს ნაწილი არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსიას გაექცა.

„ორშაბათს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. საგამოძიებო კომისიის მიერ განხორციელებული სიღრმისეული ანალიზით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ყველა ბრალდება, რომელზეც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ექვსთვიანი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დააფუძნა, იყო სიცრუე და არ ემყარებოდა არავითარ მტკიცებულებებს:

პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგები იყო სიყალბე; 8-პროცენტიანი მეტობის დისბალანსი იყო სიყალბე; განცხადებები არჩევნების წინასწარი შედეგების დაგვიანებით გამოცხადებასთან დაკავშირებით იყო სიყალბე;

ბრალდებები უპრეცედენტო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოსყიდვის, ზეწოლისა და მუქარის, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლის შესახებ იყო სიყალბე; საუბარი დაუბალანსებელი ოქმების არასტანდარტული რაოდენობის შესახებ იყო სიყალბე; საუბარი ბათილი ბიულეტენების არასტანდარტული რაოდენობის შესახებ იყო ასევე სიყალბე.

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ამ შემთხვევაშიც გაექცა დისკუსიას არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი: ამ პარტიებმა იმთავითვე ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მათ მიერ წინასწარ დაგეგმილი კამპანია არჩევნების გაყალბების შესახებ იყო წმინდა წყლის დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ისახავდა მიზნად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.