ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2031 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ამ მაღალი ტემპის შენარჩუნება არ არის იოლი, გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალოდ 5%-ზე მეტიც რომ დაიჭირო ეკონომიკური ზრდა, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული შედეგი. და თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით და იმედი გვაქვს, ასევე გავაგრძელებთ მომავალი წლების განმავლობაში”,- აღნიშნა პრემიერმა.