ირაკლი კობახიძე - საელჩოების განცხადებებმაც 2017-2019 წელს გვარამიას საშუალება მისცა, განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა, სამწუხაროდ, დღესაც ​იგივეს ვხედავთ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა
ირაკლი კობახიძე - საელჩოების განცხადებებმაც 2017-2019 წელს გვარამიას საშუალება მისცა, განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა, სამწუხაროდ, დღესაც ​იგივეს ვხედავთ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა

საელჩოების განცხადებებმაც 2017-2019 წელს გვარამიას საშუალება მისცა, განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა, სამწუხაროდ, დღესაც იგივეს ვხედავთ, რაც ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, გაეცნო თუ არა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შეფასებებს ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს თუ არა, რომ ამერიკა და ევროპა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან, კობახიძემ განაცხადა:

„ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა 2017 წელსაც და ზუსტად იგივე განცხადებებმა, სამწუხაროდ, მათ შორის ეს იყო საელჩოების განცხადებებიც, მისცა გვარამიას საშუალება, რამდენიმე მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“. სახეზე დღესაც იგივე გვაქვს. რა დგას ამის უკან, არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი, მოცემულობა. ფაქტი ერთია, 2017 წელს იმ კამპანიაში ჩართული იყვნენ უცხოელი ლობისტებიც და არა მარტო. მათ შორის, ამ განცხადებებმა და საელჩოების განცხადებებმა საშუალება მისცა 2017-2019 წლებში გვარამიას, დამატებით განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ამას არ ვიტყვით და ვერ ვიტყვით. სამწუხარო მოვლენაა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტანტაცია, შეფასებაში ბუნებრივია, ვერ შევალთ. ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როდესაც გვარამიას მისცეს დამატებით, რამდენიმე მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც იყო მიმართული მედიასაშუალების და ტელეკომპანიის წინააღმდეგ.

მე ვამბობ ერთ რამეს. კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა. კანონი კანონობს ყველასთვის. ამ შემთხვევაში, კანონმა იკანონა გვარამიასთვის. მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ეს არის თან მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ის ძარცვავდა იმ ტელეკომპანიას, რომელიც იცოდა, რომ უნდა გადაეცა რამდენიმე თვეში კანონიერი მფლობელისთვის. ეს იყო გარიგება პრაქტიკულად მფლობელებსა და გენდირექტორს შორის. მათ იცოდნენ, რომ დასათმობი ჰქონდათ სამართლიანად ტელეკომპანია, რადგან უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს. დასაბრუნებელი კომპანია გაძარცვეს, 6.7 მილიონი ლარით, ამისთვის შეფარდებული აქვს სამნახევარი წელი, რაც ვფიქრობ, მთლიანად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი