ირაკლი კობახიძე - სადმე თუ იყო „ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია და ნეპოტიზმი, გახარიამ თანაგუნდელებში მოიკითხოს, ამით გამოირჩეოდა მისი გუნდი და ამიტომ მოუწია უკანდახევა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას არ აქვს არგუმენტები და პასუხები შეკითხვებზე. კობახიძემ კომენტარი გააკეთა გახარიას გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით.
„ვნახეთ, რომ გახარია გუშინ ყველა კითხვას გაექცა, ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე, რაც იყო ძალიან დასანანი. უზრდელობა არ არის ღირსეული საქციელი, მით უმეტეს ყოფილი პრემიერის მხრიდან და მას ეს საქციელი უნდა დავუწუნოთ. მან ისაუბრა კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, შემდეგ მოუწია უკან დახევა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ არავითარი სისტემური პრობლემა საქართველოში ამ კუთხით არ არსებობს. კორუფცია ყველა ქვეყანაში არის პრობლემა, მაგრამ რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ამაზე, გვაქვს ჩვენი პოზიცია და და მასაც ჰქონდა პრემიერობის დროს შესაბამისი პოზიცია, მას მოუწია თავისი გამონათქვამის დაკორექტირება. კერძოდ, მან უარყო ბრალდება სისტემურ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით. თუ სადმე იყო „ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია და ნეპოტიზმი, ეს მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში, ამით გამოირჩეოდა მისი გუნდი და ამიტომ მოუწია მას უკან დახევა.
ადამიანს არ აქვს კითხვებზე პასუხები და არ აქვს არაფერი სათქმელი. გუშინ ვიხილეთ, ორი საათი საუბრობდა არაფერს ყველაფერზე. ასეთ დროს, ბუნებრივია, იძულებით გადადიხარ უზრდელობაზე. ეს იყო რაც ვიხილეთ გუშინ მისი მხრიდან, სიცრუე და უზრდელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, გახარიას განცხადებები „ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას“.
„გადატრიალების სურვილზე, მცდელობებზე და გეგმებზე პირდაპირ ეთერში საუბრობენ სააკაშვილიც და მისი მეგობრებიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში. გვქონდა დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც შეეხება საეჭვო დამთხვევას გახარიას ორ დღესა და იმათ ორ დღეს შორის, ამას შეიძლება, დამატებითი მოკვლევა სჭირდებოდეს და არ ვიცი, ეს რამდენად იქნება სამართლებრივად შეფასებული.
გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა. აქედან გამომდინარე, თემა გახდა აქტუალური და ჩავთვალეთ საჭიროდ ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, მაშინვე რატომ არ გადააყენეს გახარია, კობახიძემ განაცხადა: „ეს ხდებოდა 17 თებერვლის ღამეს და 18 თებერვალს დილას გადადგა. ერთი კვირა უნდა პრემიერის გადაყენებას“.