ირაკლი კობახიძე - საბოტაჟია, მარტივი სცენარია, აჭიანურებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმების გაგზავნას და მერე ამაზე აპელირებენ
საბოტაჟია, მარტივი სცენარია, აჭიანურებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმების გაგზავნას და მერე ამაზე აპელირებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უნდა ითქვას საბოტაჟის მცდელობასთან დაკავშირებით – მცდელობა არ არის, ეს არის შემდგარი საბოტაჟი, რაც ხორციელდება, როგორც საუბნო კომისიების, ასევე, საოლქო კომისიების დონეზე, როცა ხელოვნურად ჭიანურდება სამწუხაროდ პროცესი, რაც ხელს უშლის ოქმების დროულად გადაგზავნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შემდეგ ამაზე აპელირებენ, უკვე აშკარად სცენარია.
მარტივი სცენარია, ჭიმავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმების გაგზავნას და მერე ამაზე აპელირებენ. თქვენ ნახეთ, რა სცენა იყო თითონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ატარებდა ბრიფინგს, როგორი საბოტაჟი განხორციელდა მის წინააღმდეგ. ზუსტად იგივე ხდება უბნების და ოლქების დონეზე, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ყველა საარჩევნო პროცედურა, მიუხედავად საბოტაჟისა, სათანადოდ იქნება დასრულებული და უკვე დილისთვის იქნება სრული მონაცემები წარმოდგენილი ცესკო-ს ვებგერდზე, რომელიც ასახავს არჩევნების მონაცემებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მსგავსი უკულტურო საქციელი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, შეფასების გარეშე არ დარჩება.
„რაც ჩვენ ვიხილეთ ცესკო-ს თავმჯდომარის ბრიფინგზე, რასაც აკეთებდნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, ბუნებრივია, ეს არ არის დასავლური პოლიტიკური კულტურისთვის შესაფერისი საქციელი და ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასეთი უკულტურო საქციელი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ასევე, არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე არავითარი დესტრუქცია და ამ ყველაფერს ექნება მკაცრი შეფასება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„დაელოდონ დილამდე შედეგებს. ნახონ, სად იქნება პირველი ტური, მეორე ტური, დაელოდონ ამ ყველაფერს და მოემზადონ მეორე ტურებისთვის, მოემზადონ ასევე მარცხის გაფორმებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.