ირაკლი კობახიძე - საბოლოო ჯამში, მგონი, ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, ეს იქნება ნიურნბერგის პროცესის მსგავსი ერთგვარი მორალური სასამართლო
ირაკლი კობახიძე - საბოლოო ჯამში, მგონი, ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, ეს იქნება ნიურნბერგის პროცესის მსგავსი ერთგვარი მორალური სასამართლო

საქმე როცა ეხება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც ოპოზიციის ინიციატივაა, მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს არა გამოძიება, არამედ სისტემატიზაცია სჭირდება.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი, უბრალოდ, საჭიროა სისტემატიზაცია. მაგალითად, იმისა, რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამიანური მოპყრობა ვის მიმართ განხორციელდა, ვის წაართვეს ბიზნესი, ვის ჩამოართვეს ქონება, ვინ გაძარცვეს კეზერაშვილმა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და სხვებმა, როგორ ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას ტერიტორიები. რა მოხდა 7,8,9 აგვისტოს? – ეს ხომ ყველამ იცის. საკმარისია უბრალოდ, აიღოთ მაშინდელი ტელევიზიები, მაგალითად, „რუსთავი 2“, ყველაზე ინტენსიური გამშუქებელი იყო იმ პროცესების და მათი მთავარი რუპორი იყო, „იმედიც“ მათ საკუთრებაში იყო მაშინ. ელემენტარულად, აიღეთ უწყვეტი კადრი 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით და ყველა ძალიან კარგად გაიხსენებს, რა დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი ქვეყნის წინაშე, რა ავანტიურა ჰქონდათ მათ დაგეგმილი 7,8,9 აგვისტოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა ფორმით შეიძლება გამოჰკრას ხელი ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნას და განიხილება თუ არა ეს საკითხი, კობახიძემ განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

„ათი წელია გასული ამ დანაშაულთა ჩადენიდან, მადლობა ღმერთს, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა. ხალხმა ამოისუნთქა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომელიც ადეიშვილი-სააკაშვილის სასამართლოს მხრიდან ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ ათი წელია გასული, რაც ნიშნავს, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ავიწყდება, ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი. შესაბამისად, ათი წლის თავზე, შეიძლება, კარგი დრო იყოს იმისათვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ ეს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, ეს იქნება ნიურნბერგის პროცესის მსგავსი ერთგვარი მორალური სასამართლო, რომლითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს და შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულებს.

„პატარა ნიურნბერგი ამ ადამიანებისთვის შეფასება-შეხსენების დონეზე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სისტემატიზაციის დონეზე უნდა გავაკეთოთ და ამის დრო ალბათ დადგება. ვნახოთ, შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შეიძლება გამოჰკრან საკუთარ საგამოძიებო კომისიას ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულთა სისტემატიზაციას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.