ირაკლი კობახიძე - საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდებით მოქმედებს „დიფ სთეითი“ და ამაში იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ეროვნული ინტერესები
36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურებები ცარიელი სპეკულაციებია.
„რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე, 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც, რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, რადგან ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს „დიფ სთეითი“, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდებით მოქმედებს „დიფ სთეითი“ და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი, გახლეჩა. შესაბამისად, ორიენტირებული ვიქნებით სწორედ აქეთკენ, რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალება, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების გაერთიანებისკენ. ჩვენ ვართ მთავრობა, შესაბამისად, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც გარე დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად თესავენ ჩვენს საზოგადოებაში. ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ სწორი მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.