ირაკლი კობახიძე - საარჩევნო კამპანიის დროს დავიცავთ ყველა იმ სტანდარტს, რაც პანდემიიდან გამომდინარეობს
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო კამპანიის დროს დავიცავთ ყველა იმ სტანდარტს, რაც პანდემიიდან გამომდინარეობს

საარჩევნო კამპანიის დროს დავიცავთ ყველა იმ სტანდარტს, რაც პანდემიიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ბოლო ორი თვის განმავლობაში სრულმასშტაბიანი კამპანია ექნება.

„არის მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც ამოქმედდება მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მათ შორის თუნდაც სატელვიზიო რეკლამის განთავსება. ბუნებრივია, სრულმასშტაბიან კამპანიაზე გადავა ყველა პოლიტიკური პარტია, თუმცა ხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია, საკმაოდ ინტენსიურად აწარმოებს თავის საარჩევნო კამპანიას.

აქვე ვიტყვი, რომ ეს კამპანია ადაპტირებულია იმ სპეციალურ საჭიროებებზე, რომელიც გამომდინარეობს კოვიდის გავრცელების რისკიდან. შესაბამისად, ამავე რეჟიმში გაგრძელდება ჩვენი მხრიდან კამპანიის წარმოება. დავიცავთ ყველა იმ სტანდარტს, რაც პანდემიიდან გამომდინარეობს.

ამასთან ერთად, ჩვენი კამპანია იქნება საკმაოდ ინტენსიური, რათა ჩვენი გზავნილები, მათ შორის საპროგრამო გზავნილები, მივიტანოთ თითოეულ ამომრჩევლამდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.