ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, რომელიც ეკუთვნის, კომიტეტმა იმსჯელოს, რამდენად მისაღებია წამება, მედიის მიტაცება, ტერიტორიების ჩაბარება და დასკვნები გამოიტანონ
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, რომელიც ეკუთვნის, კომიტეტმა იმსჯელოს, რამდენად მისაღებია წამება, მედიის მიტაცება, ტერიტორიების ჩაბარება და დასკვნები გამოიტანონ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, რომელიც მას ეკუთვნის. მისივე თქმით, ეს აუცილებელია, რადგან ქვეყანაში დაუსჯელობის განცდა არ გაჩნდეს.

კობახიძემ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივ კომიტეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, უმჯობესია კომიტეტის წევრებმა სხვა საკითხებზე იმსჯელონ, მათ შორის რამდენად მისაღებია წამება, მედიის მიტაცება, ტერიტორიების ჩაბარება.

„მიხეილ სააკაშვილი მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მას ეკუთვნის. 6 წელი აქვს მას შეფარდებული, სხვა საქმეებზეც არ ვიცით, რა მოხდება. შეიძლება, კიდევ უფრო დაუმძიმდეს მაგრამ ექვსი წელი რაც არის შეფარდებული კანონის შესაბამისად, იმის მოხდა არის აუცილებელი მათ შორის იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ქვეყანაში დაუსჯელობის განცდა. იმისთვის, რომ მომავალში, პერსპექტივაში, არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ შეიძლება საკუთარი შვილისთვის გადარიცხოს 50 ათასი ლარი სწავლის საფასური და შემდეგ არ დაისჯება. ან შეიძლება ვიღაც აწამოს და არ დაისჯება, ვიღაც გააუპატიუროს და არ დაისჯება, ბიუჯეტიდან ფული მოიპაროს და არ დაისჯება, ტერიტორიები ჩააბაროს და არ დაისჯება, მედია მიიტაცოს და არ დაისჯება. იმისთვის, რომ პრევენცია იყოს უზრუნველყოფილი, ასეთი დანაშაულების ჩადენის სურვილი, რომ არავის გაუჩნდეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი. ამ კომიტეტმა შეიძლება განიხილოს ალბათ ეს საკითხები, რამდენად მისაღებია წამება, გაუპატიურება, არააადამიანური მოპყრობა, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი და ტერიტორიების ჩაბარება, ამ საკითხებზე იმსჯელონ და დასკვნები გამოიტანონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს სასამართლო სამართლის სამსახურში დგას.

„სააკაშვილსა და ადეიშვილს თავის დროზე ჩამოყალიბებული ჰქონდათ სისტემა 2004-2012 წლებში, 9 წლის განმავლობაში, რომელიც იყო რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. რეპრესიული მანქანა იყო მთლიანად რეჟიმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად. ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო რეპრესიული სასამართლო სისტემა. 2012 წლის შემდეგ ეს მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა და თან იმ პირობებში, რომ სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა, რაც არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ეს არის განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ არსებულ სასამართლო სისტემებს შორის.

თავის დროზე იყო რეპრესიული მანქანა და დღეს სასამართლო დგას სამართლის სამსახურში. 2013 წელს როცა განიხილებოდა საკითხი, რომ უნდა შეცვლილიყო სისტემა სასამართლო შემადგენლობის ცვლილებით თუ ცვლილების გარეშე, მაშინ გახსოვთ, მთელი ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები – ყველა ითხოვდა არსებული შემადგენლობის დატოვებას. აქედან გამომდინარე, ასე გადაწყდა ეს საკითხი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია სისტემის შეცვლა სასამართლო შემადგენლობის ცვლილების გარეშე. რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია, რომ არის გარკვეული რეპუტაციული პრობლემები, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ რეპუტაციული ზიანი, რაც თავის დროზე სასამართლო სისტემას მიადგა და 2012 წლის შემდგომ პერიოდზე მემკვიდრეობითად გადმოვიდა, იმ უმძიმესი სისხლიანი რეჟიმის დამსახურებაა, რომელსაც სათავეში ედგა განსასჯელი და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.