ირაკლი კობახიძე - როდესაც კრისტიან დანიელსონმა გაიგო, რომ ოპოზიციის ძირითად ნაწილს ორი ულტიმატუმი ჰქონდა, დაასრულა მოლაპარაკებები, რადგან არ ჰქონდა არავითარი განცდა, რომ შეთანხმების მიღწევა რეალისტური იყო
როდესაც ბატონმა დანიელსონმა გაიგო, რომ ოპოზიციის ძირითად ნაწილს ორი ულტიმატუმი ჰქონდა, მან იმთავითვე დაასრულა მოლაპარაკებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჩვენ ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით კითხვა დავსვით. თუმცა, მედიატორის პოზიცია იყო ისეთი, რომ შეთანხმება ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის უნდა გაფორმებულიყო. იმისთვის, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულიყო. აქედან გამომდინარე, ორმხრივი ან თუნდაც, სამმხრივი შეთანხმება იმ მაგიდის გარშემო არ განიხილებოდა. აქედან გამომდინარე, როდესაც ბატონმა დანიელსონმა გაიგო, რომ ოპოზიციის ძირითად ნაწილს ორი ულტიმატუმი ჰქონდა, მან იმთავითვე დაასრულა მოლაპარაკებები, რადგან არ ჰქონდა არავითარი განცდა, რომ შეთანხმების მიღწევა რეალისტური იყო. აქედან გამომდინარე, იმთავითვე არ განიხილებოდა ის ვარიანტი, რომ მაგალითად, „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“, ან „ქართულ ოცნებასა“ და ორ, ან სამ პარტიას მოწერა ხელი შეთანხმებაზე. ანუ, იმთავითვე, ამოცანა იყო ის, რომ ყველა უნდა შეთანხმებულიყო გარკვეულ პირობებთან დაკავშირებით“.
ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, შეიძლებოდა თუ არა, „გირჩს“ მოეწერა ხელი დოკუმენტისთვის, რითაც ეს დოკუმენტი მინიმუმ, ორმხრივი იქნებოდა და, რითაც შეიძლებოდა, არ მიგვეღო ევროპარლამენტართა მწვავე წერილი.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, მზად იყო თუ არა „ქართული ოცნება“ გიორგი რურუას გამოსაშვებად იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია იტყოდა, რომ რურუას გათავისუფლების შემთხვევაში მზად იყვნენ, შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ასეთი შეკითხვა ნამდვილად დაისვა, თუმცა, ეს მეტწილად, იყო ტაქტიკური კითხვა, რითაც მას სურდა ოპოზიციის განწყობის გარკვევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში მოაწერდნენ ხელს შეთანხმებას.
„რურუასთან დაკავშირებით რეალურად დაისვა ასეთი კითხვა. თუმცა, მათ ძალიან მკაფიოდ და ხისტად თქვეს, რომ თუ შეთანხმებაში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ აისახებოდა, ამ შემთხვევაში შეთანხმების ხელმოწერას გამორიცხავდნენ.
შეკითხვაზე, რას აპირებდა „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ტაქტიკურ კითხვაზე გამოჰყვებოდა, კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამით ოპოზიციის რადიკალიზმის და სიხისტის ხარისხი აჩვენა.
„ჩვენთვის მოსალოდნელი იყო მათი უარი. ბუნებრივია, დარწმუნებული ვიყავით და ამიტომ დაისვა ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.