ირაკლი კობახიძე – როდესაც „იგლ ჰილსის“ პროექტში 254 ბინიდან მხოლოდ რვა ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება

15:47, 26.11.2026

საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, ორი მლრდ. ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ასეთ დროს მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე.

„ჩვენ ხშირად გვისაუბრია ეკონომიკურ სარგებელსა და ასევე, საბიუჯეტო სარგებელზე, რომელსაც მიიღებს ამ პროექტით ჩვენი ქვეყანა. პირდაპირ საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, ორი მლრდ. ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, სარგებელი არის ძალიან დიდი. რაც შეეხება კამპანიას, იცით, რომ კვლავაც წარმოებს ე.წ. არაბიზაციის კამპანია. გახსოვთ, ამ თემაზე დებატებიც გაიმართა, მოსულები იყვნენ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, კონკრეტული რადიკალური ძალებიდან და სიტყვა – არაბიზაცია, ამ პროექტთან მიმართებით ვერც ერთხელ ვერ ახსენეს, ვერ გაბედეს ვერც ერთხელ. ორჯერ ახსენეს სიტყვა – არაბიზაცია და ორივე სხვა საკითხთან მიმართებით. არც ერთხელ სიტყვა – არაბიზაცია, რაზეც კამპანია ჰქონდათ აგებული, არ უხსენებიათ ამ პროექტთან მიმართებით, რატომ – იმიტომ რომ ძალიან ნათელია, რომ არაფერ შუაშია „იგლ ჰილსის“ პროექტთან არაბიზაცია, ძალიან მარტივად სტატისტიკა დაიდო, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება. ასეთ დროს, როდესაც მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე ეს ხომ სამარცხვინოა, უკადრებელია, ეს არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას და პირველ რიგში, საკუთარ თავს, სამარცხვინოა. 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები და არაბიზაციაზე რომ საუბრობენ, ეს არის სრულიად სამარცხვინო მოვლენა. კაცურიც არ არის ეს ყველაფერი, არაფერი ახსნა არ აქვს, როცა ცრუპენტელობ საზოგადოების წინაშე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი