ირაკლი კობახიძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, დანგრევის რისკი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, დანგრევის რისკი არ არსებობს

რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, შენობის დანგრევის არავითარი რისკი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები. არის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რასაც ყველა ადასტურებს. ჩვენ ვეცდებით, თუნდაც ამ შუალედურ პერიოდში, 2-3-წლიან პერიოდში ვიზრუნოთ ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე. მდგრადობასთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს არ უკავშირდება შენობის მდგრადობას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შენობის დანგრევის არავითარი რისკი არ არსებობს. არის სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაზეც უნდა ვიზრუნოთ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, ვიდრე დასრულდება ახალი შენობის მშენებლობა.

რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი შენობა. შესაბამისად, ჩვეულებრივად, მომდევნო წლების განმავლობაში, უახლოესი, სავარაუდოდ, სამი წლის განმავლობაში საავადმყოფო გააგრძელებს ფუნქციონირებას არსებულ შენობაში. დაახლოებით სამი წლის თავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ უკვე საავადმყოფო გადავა ახალ შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც შევაჯერეთ ჩვენ ექიმებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – განაცხადა კობახიძემ.