ირაკლი კობახიძე - რეგლამენტის დარღვევა გადაცდომაა და ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება, რაც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძის არჩევით რეგლამენტი უხეშად და ცალსახად დაირღვა.
მისივე თქმით, ამას რეაგირება აუცილებლად მოყვება.
„ნებისმიერი იურისტი გაგცემთ პასუხს, რომ რეგლამენტი უხეშად და ცალსახად დაირღვა. ორჯერ ორი ოთხია, რაც წერია რეგლამენტში. პირველი მოადგილის ერთ კანდიდატურას ასახელებს თავმჯდომარე, უმრავლესობის კვოტაზე ერთი კანდიდატურა სახელდება, კანდიდატთა სიმრავლე შეიძლება არსებობდეს ოპოზიციის შემთხვევაში და ეს ნათლად წერია რეგლამენტში. ამის შესახებ იცის იმ იურისტმაც, რომელიც ახლა სხვანაირად საუბრობს. მაგრამ ვიღაცას დასჭირდა რეგლამენტის დარღვევა და დარღვევით გააკეთეს ეს ყველაფერი. ამასაც რეაგირება ექნება. რეგლამენტის დარღვევა გადაცდომაა და ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება, რაც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი. შეფასებისთვის მექანიზმები გვაქვს. ეს შეიძლება პარტიულ და პარლამენტის ჭრილში შეფასდეს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დღეს აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა.