ირაკლი კობახიძე - რამდენიმე პარტიის მიზანია, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი, ასეთ შემთხვევაში, მათ სახალხო დამცველის ოფისში დარჩებათ საკუთარი ფავორიტები
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე პარტიის მიზანია, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი, ასეთ შემთხვევაში, მათ სახალხო დამცველის ოფისში დარჩებათ საკუთარი ფავორიტები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმედი აქვს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების საფუძველზე მოხერხდება სახალხო დამცველის არჩევა.

ამავდროულად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რამდენიმე პარტია დაინტერესებულია, სახალხო დამცველის ოფისში დარჩეთ საკუთარი ფავორიტები.

„მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ, მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებებმა საკმაოდ ნათელი სურათი აჩვენა. გვირჩევნია, დღეს ჩვენს პრეფერენციებზე არ ვისაუბროთ, უნდა დავიტოვოთ დრო იმისთვის, რომ ოპოზიციურ პარტიებთან გაიმართოს კონსულტაციები. სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და იმედი გვაქვს, სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას. ეს არ იქნება მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას აშკარად აქვს მიზანი, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი. ასეთ შემთხვევაში, მათ სახალხო დამცველის ოფისში დარჩებათ საკუთარი ფავორიტები. დღეს ვიცით, რომ სახალხო დამცველის ოფისი არსებითად შედგება „ნაცმოძრაობის“ ფავორიტებისგან. შესაბამისად, მათ აქვთ ინტერესი, არ შეგვასრულებინონ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი და არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი. ბუნებრივია, ეს ართულებს ვითარებას, თუმცა ამის მიუხედავად, გვაქვს იმედი, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ სახალხო დამცველის არჩევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.