ირაკლი კობახიძე - რაიმე დაბრკოლება თუ არსებობს ბიზნესის კეთების კუთხით, ყველაფერი გადალახვადია
ირაკლი კობახიძე - რაიმე დაბრკოლება თუ არსებობს ბიზნესის კეთების კუთხით, ყველაფერი გადალახვადია

რაიმე დაბრკოლება თუ არსებობს ბიზნესის კეთების კუთხით და ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, რომ არსებობს გარკვეული ბარიერები, ყველაფერი არის გადალახვადი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ავსტრიის ელჩის, არად ბენკოს განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არსებობს და გამოთქვა მზაობა, საკითხთან მიმართებაში, პარლამენტის მხრიდან კონსულტაციების რეჟიმში მონაწილეობისა.

„თვითონ განცხადება არ მინახავს, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. თუმცა, რაც შეეხება ზოგადად, ბიზნესის კეთების სიმარტივეს, აქ არსებობს ზოგადი მაჩვენებლები. იცით, რომ მე-6 ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სირთულეები არ არსებობს. არის ბუნებრივია სირთულეები. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. გვაქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირი მათ შორის პარლამენტსაც ბიზნესმენებთან, შესაბამისად, ვიღებთ ინფორმაციას მათგან. თუ რაიმე დაბრკოლება არსებობს ბიზნესის კეთების კუთხით და ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, რომ არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, ბარიერები, ყველაფერი არის გადალახვადი და ჩვენ მზად ვართ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის.

არის აბსოლუტურად გახსნილი, მათ შორის პარლამენტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვაქვს ბიზნესთან მჭიდრო კავშირი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ შედგება ნებისმიერი ტიპის კონსულტაცია, რომელიც მოგვცემს ჩვენ ბიზნესის კეთების კუთხით ვითარების შემდგომი გაუმჯობესების საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავსტრიის ელჩი საქართველოში იმ ფაქტორებზე საუბრობს, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. არად ბენკომ სააგენტო „ბი ემ ჯი სთან“ ინტერვიუში გადაწყვეტილებების მიღების პრობლემა დაასახელა, რაც მისი თქმით, დამაბრკოლებელი ფაქტორია.