ირაკლი კობახიძე - რადიკალურმა ოპოზიციამ გადააყოლა ქვეყანა თავისი სკამებისთვის ბრძოლას, რაც უნდა დასრულდეს
ირაკლი კობახიძე - რადიკალურმა ოპოზიციამ გადააყოლა ქვეყანა თავისი სკამებისთვის ბრძოლას, რაც უნდა დასრულდეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში პანდემიის გამო რთული ვითარებაა და ასეთ დროს ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ორიენტირებული მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაზე.

„ქვეყანა არის რთულ მდგომარეობაში. პანდემიის გამო არა მარტო ჯანდაცვის კუთხითაა შექმნილი სერიოზული სირთულეები, არამედ კიდევ უფრო მეტად ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის კუთხით. ბუნებრივია, ასეთ დროს ყველა საღად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ორიენტირებული ამ პრობლემების გადაჭრაზე. უამრავი სირთულეა, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობასავითაა, როცა ასეთი ეკონომიკური ვარდნა გაქვს  ქვეყანაში, როგორც ომში არის მობილიზებული საზოგადოების მთელი რესურსი, ასეთ შემთხვევაშიც უნდა იყოს მთელი რესურსი მობილიზებული, მათ შორის პოლიტიკური რესურსიც. ამ დროს ოპოზიცია დაკავებულია თავისი სკამებისთვის ბრძოლით, არ ეყოთ 60 სკამი და უნდათ, გაზარდონ სკამების რაოდენობა. ამ რადიკალურმა ოპოზიციამ გადააყოლა ქვეყანა თავისი სკამებისთვის ბრძოლას, რაც უნდა დასრულდეს, დიდი იმედი გვაქვს, ეს დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ. 

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს, კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა ნებისმიერ მომენტში დიალოგის გასაგრძელებლად.

„უსასრულოდ ესეც ვერ გაგრძელდება. პირველ რიგში, კონცეტრირებული უნდა ვიყოთ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. არავის არ აინტერესებს, პარლამენტში იჯდება თუ არა გუბაზ სანიკიძე ან სალომე სამადაშვილი, ნაკლებად ადარდებს ეს ხალხს, ხალხს ადარდებს ის, რომ ფასები არ გაიზარდოს, ეკონომიკის ვარდა შეჩერდეს.

ამის გარშემო უნდა იყოს კონცენტრირებული მთელი რესურსი, მათ შორის პრემიერს წუთი არ უნდა ჰქონდეს დასაკარგი ამ პრობლემებზე ფიქრში, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს და ა.შ. ამ დროს გვიწევს ამდენი დროის დახარჯვა იმაზე, რომ ვიღაცამ სკამებისთვის უნდა იბრძოლოს, რაც მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

კობახიძე მიიჩნევს, რომ კრიზისის დაძლევის საფუძველი არსებობს.

„რადგან პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურია, ვფიქრობ, მისი დაძლევა შესაძლებელია, მთავარია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა. რომ არ იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები, ბუნებრივია, ეს პოლიტიკური რადიკალური პარტიები დარჩებოდნენ მუდმივად ამ რეჟიმში, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან საერთაშორისო პარტნიორები და მათი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულდეს. ვფიქრობ, ოპტიმიზმის საფუძველი ამ კუთხით არსებობს“, – აღნიშნა კობახიძემ.